
ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პაველ ლატუშკო საკუთარ YouTube არხზე აცხადებს, რომ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს გულის კუნთის დაავადება, კერძოდ, ინფექციურ-ალერგიული მიოკარდიტი აქვს.
გარდა ამისა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ადასტურებს ინფორმაციას რომ მინსკში ექიმები რუსეთიდან ჩავიდნენ.
"ზოგიერთი ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ჩვენამდე მოვიდა, ლუკაშენკოს აქვს ინფექციურ-ალერგიული მიოკარდიტი. მარტივად რომ ვთქვათ, გული სტკივა", - თქვა მან.
ოპოზიციონერის თქმით, არის ინფორმაცია, რომ ლუკაშენკოს ასევე ჰქონდა ფეხის პრობლემები, კერძოდ მუხლისა და ხერხემლის, რის გამოც ქირურგიული ჩარევა სჭირდება.
ლუკაშენკოს ავადმყოფობას ადასტურებს რუსეთის დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინე ზატულინი. მისი თქმით, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ავად გახდა.
შეგახსენებთ, რომ 9 მაისს ლუკაშენკო მოსკოვში აღლუმზე იმყოფებოდა, მაგრამ ის მალევე დაბრუნდა მინსკში. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ცუდად გახდა. უკვე მინსკში, ლუკაშენკომ არ წარმოთქვა "გამარჯვების დღისადმი" მიძღვნილი ტრადიციული სიტყვა.