მარნეულის მერიასთან დილიდან ორი სოფლის, ბურმასა და თაზაქენდის მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ და ამბობენ, რომ ერთი წლის წინ მიცემული პირობა ამ დრომდე არ შესრულებულა. საუბარია გზაზე, რომელის დაგებასაც, აქციის მონაწილეების თქმით, ადგილობრივი მთავრობა მათ ერთი წლის წინ დაპირდა.
დღეს ჩვენ აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ მარნეულის მერიას დანაპირები შევახსენოთ, მერი ზაურ დარგალი სანამ აირჩეოდა, ჩვენ დაგვპირდა, რომ სოფლის გზას გაგვიკეთებდა, მაგრამ წელზე მეტი დრო გავიდა და არაფერი გაკეთებულა. ასე გამოდის, რომ ზაურმა მოგვატყუა, - თქვა აქციის მონაწილემ
ადგილობრივები ამბობენ, რომ მერი, ზაურ დარგალი და საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე სოფლის მოსახლეობას თებერვლაშიც შეხვდა, სადაც უთხრეს, რომ გზის დასაგებად 600 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ხალხს არ შეხვდებიან და პირობას არ შეასრულებენ, ისინი შიმშილობას დაიწყებენ.