
ხუთი თვეა, რაც "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე საჩივარი უზენაეს სასამართლოშია შესული, თუმცა ამ დრომდე არც საქმის განხილვა დანიშნულა და არც იმ მოსამართლეთა კოლეგიაა შერჩეული, რომელმაც საქმე უნდა განიხილოს.
ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი მესამე ინსტანციის მხრიდან კანონდარღვევაზე საუბრობს, რადგან საქმის განსახილველად უზენაესმა სასამართლომ საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ვადები დაარღვია.
"დღეს გავიდა ერთი წელი ნიკა გვარამიას უკანონო დაპატიმრების შემდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ მართლმსაჯულების იმიტაცია სააპელაციო სასამართლოში. არ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინები და არ ველოდებით, რომ საკასაციო სასამართლოში მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მოსამართლეები დაგვხვდებიან.
5 თვეა გასული ჩვენ მიერ საჩივრის შეტანის შემდეგ, საერთო ჯამში, საქმის განხილვის და გადაწყვეტის ექვსთვიანი ვადა აქვს კანონით სასამართლოს და მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვეა დარჩენილი მხოლოდ, დღემდე სასამართლო პალატის შემადგენლობა არ არის დაკომპლექტებული. ცხადია, რომ სასამართლო ხელისუფლება აჭიანურებს ამ პროცესს, არღვევს კანონით გათვალისწინებულ ვადებს და ცხადია აქაც იკვეთება პოლიტიკური მოტივაცია", - ამბობს დიტო საძაგლიშვილი.
ნიკა გვარამიას პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციაში, ისე დასავლელი პარტნიორები. ევროპარლამენტარებმა საქართველოს მთავრობას გვარამიას გათავისუფლებისკენ არაერთხელ მოუწოდეს. გარდა ამისა, მათი ადრესატი არაერთხელ ყოფილა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. დასავლეთში ხაზგასმით ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობას უარყოფითი გავლენა ექნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესზე. იხილეთ: