ნიკა გვარამიას პატიმრობის 1 წელი | გაუხსენით ნიკას ციხის კარი, გაუხსენით საქართველოს ევროპული მომავალი!

გამოქვეყნდა:

დღეს, 16 მაისს, ერთი წელი გავიდა „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის,  ნიკა გვარამიას დაპატიმრებიდან. 

საქართველოს ევროპული გზა, პოლიტპატიმარი ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე გადის! გაუხსენით ნიკას ციხის კარი, გაუხსენით საქართველოს ევროპული მომავალი!

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 2022 წლის 16 მაისს დააკავეს. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

მოსამართლის განცხადებით, მან გადააკვალიფიცირა გვარამიასთვის პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი და, საბოლოო ჯამში, მედიამენეჯერი დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის დარღვევაში სცნო:

მუხლი 220. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის წაყენებული ბრალდებები ეხება პერიოდს, როცა ის "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი იყო და 2014-19 წლებს ასახავს. 

ნიკა გვარამიას პროკურატურამ 2019 წელს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, კომერციულ მოსყიდვაში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში წარუდგინა. 

ბრალდებები, რის გამოც ნიკა გვარამია დააპატიმრეს

პროკურატურა სსკ-ის 182-ე მუხლით (მითვისება ან გაფლანგვა) დაობდა. საუბარია ე.წ. 2015 წლის ეპიზოდსა და ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდზე.

  • ე.წ. 2015 წლის ეპიზოდი ეხება პროკურატურის ბრალდებას, რომლის თანახმადაც, ნიკა გვარამიამ, კომპანიის ფინანსური დირექტორთან ერთად 6 763 509 ლარი გაფლანგა.
  • ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდში კი პროკურატურა დაობდა, რომ ნიკა გვარამია და მისი ოჯახი 76 ათასი ევროს (232 201 ლარი) ღირებულების ავტომანქანით სარგებლობდნენ, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ შპს „პროესკო მედიას“ სახელზე იყო გაფორმებული. 

მაშინ პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ავტომობილი “გვარამიასა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა, ფორმალურ მესაკუთრედ კი შპს "პროესკო მედია“ დაფიქსირდა”.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ეს ბრალდებები სსკ-ის 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. 

შედეგად, ე.წ. 2015 წლის ეპიზოდზე ნიკა გვარამია 50 ათასი ლარით დაჯარიმდა, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდზე კი 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, უფრო მკაცრმა სასჯელმა [პატიმრობა] ნაკლებად მძიმე სასჯელი [ჯარიმა] შთანთქა და საბოლოოდ, ნიკა გვარამიას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე, 16 მაისს, სასამართლო დარბაზში დააკავეს.

უკვე 2 ნოემბერს კი, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა - მას სასჯელი დაუმძიმდა, თუმცა პატიმრობის ვადა იგივე დარჩა.

გამოხმაურებები ნიკა გვარამიას საქმეზე:

ნიკა გვარამიას საქმე მოხვდა სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიშში, სადაც აღინიშნა, რომ ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება პოლიტიკური მოტივით ხასიათდება.

Human Rights Watch-ის ანგარიშში კი ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ეწერა, რომ საქართველოში 
"ადამიანის უფლებები გაუარესებულია".

ნიკას დაპატიმრებიდან დღემდე, ამ ფაქტს არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი პირველი, ვინც მის დაკავებას გამოეხმაურა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იყო, რომელმაც თქვა: "გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდით".

სახდეპის მდივნის თანაშემწემ კი განაცხადა: "ნიკა გვარამიას საქმემ შეკითხვები წარმოშვა... ეს შემაშფოთებელია და სელექციურ დევნას უკავშირდება".

ნიკა გვარამიას საქმე მოხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც - "მთავარი არხის" დირექტორისა და დამფუძნებლის სრულიად აბსურდულმა ბრალდებამ სახდეპის 2022 წლის ანგარიშში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი დაიკავა. 57-გვერდიან დასკვნაში ნიკა გვარამიას საქმე 8-ჯერ მოიხსენიეს.

გამაჩენის გამოტანიდან მალევე, აშშ-ის საელჩომ მოსამართლე ჩხიკვაძე ამოაგდო პროგრამიდან, რომლითაც ის აშშ-ში მიემგზავრებოდა. მოსამართლე აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, ფლორიდაში უნდა წასულიყო და პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგში მიეღო მონაწილეობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა, მას შტატებში გამგზავრებაზე უარი უთხრეს და პროგრამიდანაც ამოაგდეს.

ნიკა გვარამიას საქმეს არაერთხელ გამოეხმაურა ევროპარლამენტიც, რომელმაც "ოცნების" ხელისუფლებას 2022 წლის 8 ნოემბერს ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვისკენ რეზოლუციით, 2022 წლის 14 დეკემბერს კი მისი შეწყალებისკენ მოუწოდა.

სალომე ზურაბიშვილს პრესის თავისუფლების დღეს, 3 მაისს ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ მიმართეს. საქართველოს მეგობარი პოლიტიკოსების მიმართვაში წერია, რომ კრიტიკულმა მედიამ უნდა იარსებოს და არასოდეს გაჩუმდეს, რადგან მედია ცოცხალი დემოკრატიის აუცილებელი ელემენტია. 

ევროპარლამენტარები სალომე ზურაბიშვილს პირდაპირ მიმართავენ და ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვენ. 

ევროდეპუტატებმა პრემიერსაც მიმართეს - "გაათავისუფლეთ ნიკა გვარამია ახლავე!" - სწორედ ამ შინაარსის მეილებს იღებდა ღარიბაშვილი ევროპარლამენტარებისგან. 

ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით იყო საუბარი ALDE-ს მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც, რომელიც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძისთვის EU-ში შესვლის აკრძალვასაც ითხოვდა.

ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად გაერთიანდნენ გავლენიანი პოლიტიკოსებიც. მათ საქართველოს პრეზიდენტს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის შეწყალებისკენ არაერთხელ მოუწოდეს. ისინი დღემდე ამბობენ, რომ გამოხატვის თავისუფლებისთვის დასჯილი ნიკა გვარამია სინდისის პატიმარია და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად და საქართველოს დასავლური მომავლის უზრუნველსაყოფად ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

მიმდინარე წლის 16 თებერვალს შეიქმნა მოძრაობა ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის და საზოგადოება "მთავარი არხის" დამფუძნებლის ირგვლივ გაერთიანდა და მისი შეწყალების თხოვნით სალომე ზურაბიშვილსაც მიმართა. 

პრეზიდენტს ასევე მიმართეს ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ექიმებმა, საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა, სკოლის პედაგოგებმა, ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრებმა...

ცნობილია, რომ გასული 5 წლის განმავლობაში, ნიკა გვარამია ერთადერთია, ვინც სასამართლომ სსკ-ის 220-ე მუხლის გამო ციხეში ჩასვა, თუმცა მიუხედავად ამისა, მიუხედავად არაერთი საერთაშორისო მოწოდებისა თუ წნეხისა, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკვე 1 წელია დუმს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი