
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სასაზღვრო რეგიონში, კურსკში უპილოტო საფრენი აპარატი FSB-ს შენობას დაესხა თავს.
Telegram არხის ASTRA-ს ცნობით, თავდასხმა 15 მაისს 23:00 საათზე განხორციელდა, რის შედეგადაც 5 სასაზღვრო ოფიცერი დაშავდა.
ისინი სოფელ გლუშკოვოს ადგილობრივ საავადმყოფოში სხვადასხვა დაზიანებებით არიან გადაყვანილები.
ადგილობრივ ხელისუფლებას ამ კონკრეტულ თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. თუმცა, კურსკის გუბერნატორმა, რომან სტარვოიმ, Telegram არხზე სხვა თავდასხმის შესახებ გაავრცელა ცნობა, რომელიც ასევე უპილოტო დრონით, მისივე თქმით, 15 მაისს განხორციელდა.
როგორც ის ამტკიცებს, დრონი უკრაინულ მხარეს ეკუთვნოდა და მან ასაფეთქებლები მუშა ექსკავატორზე ჩამოყარა. შედეგად დაშავდა ექსკავატორის მძღოლი.
ინფორმაცია გავრცელდა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის Telegram არხზეც. ისინი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ ორ თავდასხმაზე საუბრობენ.
კომიტეტის ცნობით, გამომძიებლები გამოიძიებენ "უკრაინული სამხედრო ფორმაციების" მიერ კურსკისა და ბრიანსკის რეგიონებში დრონებით განხორციელებულ თავდასხმას.