"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პროფესორი ლევან ბერძენიშვილი "საცოდავი კაცია". მისი მტკიცებით, ბერძენიშვილს მენტალური პრობლემები აქვს, ასევე, ის არის "უცხოელი აგენტი", რომელიც გარედან მიღებულ დავალებებს ასრულებს.
კობახიძემ თქვა, რომ სპეკულაციაა ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბიანი პირის შეკრებაზე გავრცელებული ამბავი.
"ჯერ მემგონი არც არავის უჩვენებია ეს ოცი კაცი ხომ?! რაღაც აბსტრაქტული ოცი კაცი არსებობს, თან ნიღბიანები იყვნენ და ისე იღიმებოდნენო, რაღაც სისულელე თქვა, თვალებიდან ამოიკითხა ეტყობა მათი ღიმილი. თან ღიმილი როგორი იყო ისიც დააკონკრეტა, მარტივი სპეკულაციაა. თავისი პრობლემები აქვს ამ კაცს და მემგონი ჯობია, რომ საკუთარ პრობლემებს მიხედოს. სერიოზული პრობლემა აქვს, მისი მთავარი პრობლემა არის არა იმდენად ფსიქოლოგიური, რამდენადაც ის, რომ ის ყოველთვის დავალებებს ასრულებს, ის იღებს დაკვეთებს, ის არის უცხოელი აგენტი, იღებს დავალებებს და ამ დავალებებით აგინებს მათ შორის ჩვენ ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს, ილია ჭავჭავაძეზე რა ილაპარაკა გახსოვთ, აკაკი წერეთელზე რა ილაპარაკა გახსოვთ, ასევე რა ილაპარაკა დავით აღმაშენებელზე, ერეკლე მეორეზე ეს ყველაფერი გახსოვთ ხომ?! ასევე, თქვენ მოისმინეთ რა ილაპარაკა ბიძინა ივანიშვილზე, ცილისწამების მთელი კასკადი, სამარცხვინო ცილისწამების კასკადი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გასაკვირი არ არის, როდესაც წარსულზე ასე ლაპარაკობს და ისტორიისთვის ხაზის გადასხმას ცდილობს, აწმყოზე რომ იგივეს აკეთებს, ეს რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის.
საცოდავი კაცია სინამდვილეში ლევან ბერძენიშვილი. ამას აქვს ორი მიზეზი, ერთი, ეს არის მისი ფსიქოლოგიური, მენტალური პრობლემები და მეორე ის რომ, ის მუდმივად ასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს", - თქვა კობახიძემ.
პროფესორ ლევან ბერძენიშვილის სახლთან 15 მაისს 15-დან 20-მდე ნიღბიანი პირი იყო მობილიზებული. ამ დროისთვის ის სახლში არ იმყოფებოდა. ოჯახმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა, რის შემდეგაც შეკრებილები დაიშალნენ. იხილეთ: