
ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) რუსეთის მოქალაქეებისთვის Telegram არხი გააკეთა და მოუწოდებს, რომ სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიაროს.
"ხარ სამხედრო ოფიცერი? მუშაობ დაზვერვის სექტორში? დიპლომატიის, მეცნიერების, ტექნოლოგიების ან სხვა სექტორებში? ან თუ გაქვს შეხება ხალხთან, ვინც აქ მუშაობს? გაქვს ინფორმაცია ეკონომიის ან რუსეთის ფედერაციის ტოპ ლიდერების შესახებ?
დაგვიკავშირდი, შეიძლება ადამიანებს თქვენს გარშემო არ უნდათ სიმართლის მოსმენა. ჩვენ გვინდა," - წერს სადაზვერვო სამსახური.
ამავე არხზე CIA რუსეთის მოქალაქეებისთვის დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს თუ როგორ შეიძლება მათთან დაკავშირდება.
სააგენტოს Telegram არხზე მითითებული აქვს ბმული, რომელზე შესვლაც მხოლოდ Tor Browser-ის გამოყენებით, არის შესაძლებელი. თავად Tor Browser კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია უსასყიდლოდ გადმოტვირთოს და ინფორმაცია CIA-ს ანონიმურად მიაწოდოს.
როგორც სააგენტო განმარტავს, მათი მიზანია რომ მსოფლიოს გარშემო ნებისმიერ ინდივიდს შეეძლოს CIA-სთან პირდაპირი და უსაფრთხო კონტაქტი.
CIA-ს Telegram არხზე და იქ გამოქვეყნებულ ვიდეოზე გამოცემა CNN-თან სააგენტოს წარმომადგენლებმა ანონიმურად ისაუბრეს. როგორც ისინი ამბობენ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ ისტორიული კარი გააღო, რათა "რუსები თავად მოვიდნენ ჩვენთან იმ ინფორმაციით, რაც ამერიკას სჭირდება"
"გვინდოდა რუსებს საკუთარ ენაზე გავსაუბრებოდით, რათა გაეგოთ რომ ჩვენ ვიცით რას განიცდიან ისინი," - ამბობს CIA-ის მაღალჩინოსანი.
მისივე თქმით, კამპანიის მიზანია, იმ ინდივიდების გადმობირება, რომლებიც უკვე "ზღვარზე" არიან და აშშ-ის მხარეს გადასასვლელად უბრალო ბიძგი სჭირდებათ.