
რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება - თბილისში კიდევ ერთი აქცია გაიმართება, რომელსაც მოძრაობა "ტალღა" აანონსებს.
პარასკევს, 19 მაისს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე მიკროფონების, გამომსვლელების და აქციის ლიდერების გარეშე, მოქალაქეები ოკუპანტ ქვეყანასთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას გააპროტესტებენ.
"19 მაისს, 20:00 საათზე, ვიკრიბებით რუსთაველზე, პარლამენტის წინ, მიკროფონების, გამომსვლელების და აქციის ლიდერების გარეშე. ყველა ერთად, პარტიული, უპარტიო, შუაშისტი, ა. შ და ისევ ვერთიანდებით საქართველოს ევროკავშირის გზაზე შექმნილი შეფერხების აღმოსაფხვრელად.
მოვითხოვთ, სასწრაფოდ აიკრძალოს რეისები რუსეთიდან და რუსეთში. ეს სერიოზული რისკის წინაშე გვაყენებს, დავრჩეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე. მეტიც, ამ ფაქტის გამო, შეიძლება მთლიანად ქვეყანა დასანქცირდეს და გავიზიაროთ ბელარუსის ბედი. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანი ევროპაა. კურსიდან გადახვევა ჩვენ, მოქალაქეებმა არ უნდა დავუშვათ.
რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება!
ყველამ იქონიეთ ბანერები თემის შესაბამისი წარწერით, სახმაუროები - სასტვენები, დოლები, ა. შ.
ხმაურით მოვთხოვოთ ხელისუფლებას, შეწყვიტონ ხელოვნური ბარიერების შექმნა და კიდევ ერთხელ დავანახოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი არჩევანი ევროპაა
"ტალღა" არ თვლის თავს ღონისძიების ექსკლუზიურ მასპინძლად, ნებისმიერი მსურველის ინიციატივა მისასალმებელია" ნათქვამია განცხადებაში.
15 მაისს ძალაში შევიდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულება, რომლის თანახმადაც, სავიზო რეჟიმი გაუქმდა, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.
პირველ რეისს მოსკოვიდან 19 მაისს, რუსული ავიაკომპანია "აზიმუტი" შეასრულებს, ხოლო 20 მაისიდან თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისებს კვირაში შვიდჯერ, ავიაკომპანია Georgian Airways დაიწყებს.
"აზიმუტის" გარდა, საქართველოში ფრენის უფლებას უკრაინის მიერ სანქცირებული კიდევ ერთი ავიაკომპანია, Iraero ითხოვს.
ცნობისთვის, 19 მაისს, როცა "აზიმუტის" პირველი ფრენაა დაგეგმილი, აქციას გეგმავს "დროაც". მოქალაქეები 12:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და ავტოკოლონით აეროპორტთან მივლენ.
აქციიები პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს, 19 საათზეც გაიმართება.