აბსურდული პატიმრობის ერთი წელიწადი. 2022 წლის 16 მაისს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების სრულ დაქვემდებარებაში მყოფმა სასამართლომ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა. მედიამენეჯერი, რომელიც საყოველთაო აღიარებით ხელისუფლების ყველაზე უხერხული კრიტიკოსი იყო "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებას ჩამოაშორა და ფაქტია, რომ ეს დაკავება იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილისთვის. სწორედ ბრალდების არაადეკვატურობა, პროცესში სრული სახელისუფლებო ვერტიკალის ჩართულობა და პოლიტიკური სარგებელი არის მთავარი ნიშნები რომლებიც ადასტურებს, რომ ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია.
ნიკას დაკავებით ოლიგარქმა არამხოლოდ ქართული პოლიტიკური ოპოზიცია დატოვა მთავარი მამოძრავებელი ძალის გარეშე. ბიძინა ივანიშვილმა ამ პატიმრობით მიაღწია მთავარ მიზანს და ფაქტობრივად ჩიხში შეიყვანა საქართველოს დასავლურ სამყაროსთან დაახლოების პროცესი. ევროკავშირი და NATO ახლა გაცილებით უფრო შორი პერსპექტივაა ქვეყნისთვის ვიდრე კრემლი. და იმ ფაქტს, რომ სწორედ ნიკა გვარამია იყო ერთ-ერთი მთავარი აქტორი ევროპული განვითრების გზაზე ადასტურებს სწორედ ევროპული და მთლიანად დასავლური სტრუქტურების, დასავლელი პოლიტიკოსების და ანალიტიკოსების, ქართული პროდასავლური ორგანიზაციების და სხვათა ჩართულობა ნიკას გათავისუფლების პროცესში. მათ შორის თავის როლს, რა თქმა უნდა, "მთავარი არხიც" ასრულებს.