
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია "ტავ ჯორჯია" განმარტავს, რომ ისინი არ გაუწევენ მიწისზედა მომსახურებას რუსულ ავიაკომპანია "აზიმუტს", რომელმაც საქართველოში ფრენებზე ნებართვა უკვე მიიღო.
"ტავ ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ Azimuth Airlines-ის შემთხვევაში მიწისზედა მომსახურებას განახორციელებს კომპანია Aero Handling Georgia.
"თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia განმარტავს, რომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვის გაცემა ავიაკომპანიებზე მის კომპეტენციას არ განეკუთვნება. აღნიშნულ ნებართვებს გასცემს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
TAV Georgia ავიაკომპანიებს აწვდის სხვადასხვა სერვისს, მათ შორისაა მიწისზედა მომსახურება (ე.წ Ground Handling). მედიასაშუალებების ინტერესის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ Azimuth Airlines-ის შემთხვევაში მიწისზედა მომსახურებას განახორციელებს კომპანია Aero Handling Georgia", - აცხადებენ TAV Georgia-ში.
ბიზნესის რეესტრში არსებული მონაცემებით, "აერო ჰენდლინგ ჯორჯია" 2023 წლის 21 აპრილს დავით კვარაცხელიამ და დავით წივწივაძემ დააფუძნეს. ირკვევა, რომ დავით კვარაცხელია პრორუსი ჟურნალისტის- ვალერი კვარაცხელიას შვილია, ისინი რეესტრის ამონაწერშიც ერთ მისამართზე ფიქსირდებიან. კომპანიის მეორე მეწილე - დავით წივწივაძე კი, "ჯორჯიან ეარვეისის" ამჟამინდელი პრეზიდენტის თამაზ გაიაშვილის საცხოვრებელ მისამართზეა რეგისტრირებული.