მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს თანხმობა რუსეთთან ფრენებზე - ქალი დეპუტატები

გამოქვეყნდა:

ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გააუქმოს მისი მხრიდან თანხმობა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე. დეპუტატებმა ამასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათი თქმით, გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალსა და ქვეყნის სუვერენიტეტს.

"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს მისი მხრიდან თანხმობა პირდაპირ ფრენებზე. მართალია, უვიზო რეჟიმის შემოღება ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან, მაგრამ პირდაპირი ფრენების აღდგენა ესაა, ორმხრივი გადაწყვეტილება და ამას საქართველოს მთავრობის თანხმობა არ უნდა ჰქონდეს. შეუძლებელია, ერთის მხრივ, ქვეყანა მიისწრაფოდეს ევროპისკენ, რისი ოფიციალური განაცხადი საქართველოს გაკეთებული აქვს და მეორეს მხრივ დგამდეს ნაბიჯებს, რომ დაბრუნდეს რუსეთის ორბიტაზე, ამიტომ ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ თქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საბოტაჟია ევროკავშირის სტატუსის, რომლის მოპოვებაც ქვეყანას სურს. მისი თქმით, პუტინის მიზანი მხოლოდ გავლენების გაძლიერებაა.

ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები ღარიბდებიან, რუსეთის მოქალაქეები კი მდიდრდებიან საქართველოში, აღნიშნული გადაწყვეტილებით კი ოკუპანტებს დამატებით კომფორტს უქმნის.

შეგახსენებთ, 15 მაისს ძალაში შევიდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულება, რომლის თანახმადაც, სავიზო რეჟიმი გაუქმდა, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.  

15 მაისს საქართველოს ავიაციის სააგენტომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა ავიაკომპანია Azimuth Airline-ს მისცა.  სამოქალაქო ავიაციაში ამბობენ, რომ ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში, თუმცა ის სანქცირებულია უკრაინის მიერ. კომპანია კვირაში 7 რეისს შეასრულებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი