პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია - ოპოზიციამ დარბაზი დატოვა

გამოქვეყნდა:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 ვაკანტური ადგილიდან 3 შევსებულია - ცოტა ხნის წინ პლენარულ სხდომაზე სამი არამოსამართლე წევრი აირჩიეს. 

არჩეულები არიან ადვოკატი, გიორგი გზობავა - 91 ხმით, შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, ზურაბ გურასპაშვილი - 93 ხმით, იურისტი ტრისტან ბენაშვილი - 93 ხმით. 

კენჭისყრა ამ წუთებში შეწყვეტილია, სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ისინი ამბობენ, რომ მათი კოლეგების ნაწილი გარიგებაში არიან "ქართულ ოცნებასთან", რადგან მხარი დაუჭირეს მმართველი გუნდის რჩეულ კანდიდატებს. 

"ეს არის ევროპული რეკომენდაციის საბოტაჟი და მეორე ამას ჰქვია დავალების შემსრულებლის მიერ სხვათა ხმის უფლებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა. თავის დროზე, ესენი ახერხებდნენ ამას, ახლა ვეღარ უნდა მოახერხონ. წარმოუდგენელი ამბავია, რომ სხვა კოლეგებს მოუწოდებდე დატოვონ დარბაზი, არ მისცე ხმა, თავზე დააგდეს, ეს არის ნაცური მმართველობა, ეს არის აგენტების მიერ მმართველობის ფორმა", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არის 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟი. "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა დარბაზის დატოვების შემდეგ თქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" არ ისურვა პოლიტიკური კონსენსუსი, რასაც ოპოზიცია  სთავაზობდა.

"მათ მოისურვეს დახურულ კარს მიღმა დალაგება და გარიგება რამდენიმე ოპოზიციონერთან", - თქვა ნაცვლიშვილმა.

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ანა ბუჩუკური ამბობს, რომ ისინი მხარს სულხან სალაძესა და კახა წიქარიშვილს უჭერდნენ, თუმცა ამ კანდიდატებამდე კენჭისყრა არც მისულა დარბაზი ისე დატოვეს. მისი თქმით, "ოცნებამ" ევროპული მომავლით ივაჭრა.

"მთელი ოპოზიცია იყო შეთანხმებული, რომ არ დაუჭერდა მხარს იმ კანდიდატებს, რომლებიც იქნებოდნენ ქართული ოცნების მონა მორჩილი და რომელიც ქვეყანაში განახორციელებდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებას. არავისთვის ამ კანდიდატებიდან ოპოზიციას მხარი არ დაუჭერია. მაშინ მოხდა ორი რამ, ან გაიყიდა 5 ადამიანი, ვინაიდან 5-მა ოპოზიციონერმა მისცა ხმა, ან მოხდა მანიპულაცია პროგრამაში. ეს არის გამოძიების საგანი", - თქვა გოცირიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი