მედიის თავისუფლება არის ის საკითხი, რომელშიც საქართველო განსაკუთრებულად კარგად არ გამოიყურება - ექსკლუზიური ინტერვიუ რიკარდ იოზვიაკთან

გამოქვეყნდა:

"მედიის თავისუფლება არის ის საკითხი, რომელშიც საქართველო განსაკუთრებულად კარგად არ გამოიყურება" - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტმა რიკარდ იოზვიაკმა ,,მთავართან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. 

მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეიძლება ხელი არ შეუშალოს კანდიდატის სტატუსის მიღებას, ან მომავალში თუნდაც მოლაპარაკებების დაწყებას, მაგრამ რაღაც მომენტში ბრიუსელში აუცილებლად გეტყვიან: „იცით, რა? ჩვენთვის მედიისა და სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია, ამიტომ ახლა გაძლევთ შანსს, რომ შეიცვალოთ და თუ არ შეიცვლებით, მაშინ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?

თუ თურქეთს შევხედავთ, ის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ იქ ჟურნალისტებს ციხეში სვამენ და კლავენ კიდეც, რის გამოც საქმე წინ არ მიდის. ამიტომ, მედიის თავისუფლება არის ის საკითხი, რომელშიც საქართველო განსაკუთრებულად კარგად არ გამოიყურება. საბოლოო ჯამში, ხალხის გადასაწყვეტია, უნდათ ცხოვრება ისეთ ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებს აჩუმებენ, თუ ისეთში, სადაც პრესის თავისუფლება დაცულია." ამბობს იოზვიაკი.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს. მისი თქმით, ეს ევროინტეგრაციის პროცესზე ნეგატიურად იმოქმედებს. მან ხაზგასმით ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხზე, როგორც ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორზე:

სააკაშვილის საკითხი კი არის ის დეტალი, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა არა, მაგრამ გარკვეული ნეგატიური გავლენა აქვს ამ პროცესზე. ის არაერთგვაროვანი ფიგურაა და ევროკავშირის ბევრ დედაქალაქში მან ბევრი ხიდი დაწვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას უნდა ექცეოდნენ ისე, როგორც ექცევიან. მსგავს რამეს ჩვენ ვერ ვხედავთ უკრაინასა და მოლდოვაში." ამბობს იოზვიაკი.

მან უარყოფითად შეაფასა რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველო კანდიდატის სტატუსზე საბოლოო პასუხს ელოდება.

"ივნისში, ანუ მომავალ თვეში, იქნება ზეპირი განხილვა. რეალური მოხსენება გაფართოების შესახებ ოქტომბერში იქნება და სწორედ იქ იქნება შეფასებები. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩემი აზრით სამივე ქვეყანა დადებით პასუხს მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე იქნება მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია, ხოლო საქართველოსთვის - კანდიდატის სტატუსის მიცემის რეკომენდაცია, ოღონდ უფრო მეტი პირობებით. ამით ყველაფერი არ მთავრდება. დეკემბერში ევროკავშირის წევრმა 27-მა ქვეყანამ უნდა თქვას, რომ თანახმაა, ან არ არის თანახმა. ასე რომ, სამი ნაბიჯია - ივნისი, ოქტომბერი და დეკემბერი. 

რატომ ვფიქრობ, რომ საქართველო დადებით შედეგს მიიღებს? არსებობს რამდენიმე მიზეზი. პირველი ის არის, რომ ევროკავშირში არ უნდათ საქართველო ზედმეტად ჩამორჩეს უკრაინასა და მოლდოვას, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში შეიძლება საქართველო საბოლოოდ დაკარგონ. მეორე მიზეზი არის ის, რომ 2024 წელი არჩევნების წელია არა მხოლოდ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, არამედ ევროპაშიც, ამიტომ 2023 წელი არის ის დრო, როდესაც მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება. ასე რომ, ევროკავშირში შეეცდებიან ეს საკითხი მოაგვარონ და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცენ, ოღონდ უფრო მეტი პირობებით. 

რაც შეეხება რუსეთთან ავიამიმოსვლას. ევროკავშირი ვერ აუკრძალავს საქართველოს ასეთ რამეს, თავად საქართველოს გადასაწყვეტია, რომელ ქვეყნებთან უნდა ჰქონდეს ავიამიმოსვლა. ევროკავშირი არ არის დიქტატურა, რომ სხვა ქვეყნებს რამე დააძალოს, თუმცა, ბრიუსელში რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენას დადებითად არ შეხვდნენ და როდესაც საუბარი იყო კანდიდატის სტატუსის მიცემაზე, მათ თქვეს, კარგი, მაგრამ შევხედავთ, როგორ მოიქცევა საქართველოს მთავრობა. ამიტომ, ახლა რუსეთთან ფრენების აღდგენა, როდესაც ყველა სხვა ქვეყანა წყვეტს ამ კავშირებს, დადებითად არ აღიქმება და საქართველოს შეფასებაზე უარყოფითად იმოქმედებს. დღეს საქართველო ერთი ნაბიჯით ჩამორჩა უკრაინასა და მოლდოვას. თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება მეტი ნაბიჯითაც ჩამორჩეს." ამბობს იოზვიაკი "მთავარ არხთან"

ავტორი: თათია პაიჭაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი