
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს სამომავლო სტრატეგიის საკითხებში ჯანგ სუნგ მინის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ომს უკრაინაში, ვილნიუსის ნატოს სამიტსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
"შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინტენსიური კავშირების მნიშვნელობაზე და კორეის რესპუბლიკის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა გააღრმაოს საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ეკოლოგიის, ინოვაციების, მაღალი ტექნოლოგიების და კულტურის მიმართულებით.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის." ნათქვამია ინფორმაციაში.