
"ნიკა გვარამია რომ თავისუფალი ყოფილიყო: საქართველოს ბრძოლა მედიის თავისუფლებისთვის"... - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას მაკკეინის ინსტიტუტი. ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ.
სტატიას უვლელად გთავაზობთ:
ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს განიხილავს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში აღმოცენებულ ახალ დემოკრატიას. თუმცა, რეგიონში, რომელსაც ასევე პუტინის რუსეთის ავტოკრატიული გავლენის საფრთხე ემუქრება, საქართველოში მოხდა დემოკრატიული ნორმების ეროზია, განსაკუთრებით პრესის თავისუფლების მიმართულებით.
ნაწილობრივ ეს დაიწყო მედია-აღმასრულებლის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ 2019 წლის 1 ნოემბერს წაყენებული ბრალდებით.
გვარამიამ დააარსა ტელეარხი „მთავარი“, ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტისა და მისი ამჟამინდელი მმართველი პარტიის ერთ-ერთი მაკონტროლებელი მედიასაშუალება.
2022 წლის 16 მაისს ქართულმა სასამართლომ გავარმიას, რომელიც აკრიტიკებს პარტიას „ქართული ოცნება“ და მის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს (ქართველ ოლიგარქს, რომელსაც სავარაუდო კავშირები აქვს ვლადიმერ პუტინთან და კრემლთან), 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ტელეკომპანია რუსთავი 2-ში მუშაობისას „თანამდებობის ბოროტად გამოყენების“ ბრალდებით. პროკურატურამ ამ უსამართლო სასჯელის მიზეზებს შორის დაასახელა სამსახურებრივი მანქანის პირადი გამოყენება, რაც, მათი თქმით, გაფლანგვას უტოლდება.
ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ გვარამიას პატიმრობის დრო ემთხვევა საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და, შესაძლოა, ეს ემსახურებოდეს კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ძირის გამოთხრას. ცოტა ხნის წინ მაკკეინის ინსტიტუტმა გვარამიას დაკავების გამო განგაში ატეხა და კვლავაც მოითხოვს მის განთავისუფლებას.
საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გამოავლინოს თავისი მხარდაჭერა ადგილზე ქართველი აქტივისტების მიმართ, მათ შორის მათ მიმართ, ვინც გვარამიას გათავისუფლებას ითხოვს. მას შემდეგ, რაც მისი განაჩენი გამოცხადდა (ამჟამად ის უზენაეს სასამართლოში განიხილება), გვარამიას თავისუფლების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი საუკეთესო გზა პრეზიდენტის მიერ მისი შეწყალებაა.
მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა (არ არის პარტია „ქართული ოცნების“ წევრი), ბოლო აღდგომის დღესასწაულზე 10 პატიმარი შეიწყალა, მაგრამ მათ შორის გვარამია არ აღმოჩნდა. მაკკეინის ინსტიტუტი და სხვა ორგანიზაციები კვლავაც მოუწოდებენ პრეზიდენტს თავისი უფლების გამოყენებისკენ.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი
საქართველომ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია, რათა ევროკავშირში შევიდეს.
ევროკომისიის მიერ წაყენებული 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი საქართველოს მოუწოდებს:„გასწიეთ უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების [ნიკა გვარამიას] წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს.
თუმცა, „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი მაღალჩინოსნები ახშობენ დამოუკიდებელ მედიას მთავრის წინააღმდეგ 11 იდენტური სტრატეგიული საჩივრის შეტანით საზოგადოების მონაწილეობის წინააღმდეგ (SLAPP). ასევე შეიცვალა კანონები, რათა ბრალდებულები აიძულონ, გადაიხადონ ჯარიმა სააპელაციო პროცესის დროსაც კი. ეს სხვა ტელევიზიებმაც განიცადეს.
მიუხედავად ამისა, მთავარი აგრძელებს თავის საქმიანობას. ნამდვილი ქართული ოცნება ხომ პრესის თავისუფლებას ანიჭებს პრიორიტეტს.
ადვოკატირების სხვა ძალისხმევა
საქართველოში ადვოკატირების სხვა საერთაშორისო ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო საბაბით გათავისუფლების მოთხოვნა.
ოთხი ქართველი მოსამართლის წინააღმდეგ კორუფციისთვის დაწესებული სანქციები ცხადყოფს, რომ სხვა ეფექტური მექანიზმები შეიძლება მოიცავდეს პერსონალურ ჯარიმებს ივანიშვილისა და სხვა დამრღვევების წინააღმდეგ.გარდა ამისა, ადვოკატებმა უნდა გააგრძელონ ძალისხმევა, რათა გვარამია დაემატოს სახელმწიფო დეპარტამენტის #WithoutJustCause სიას.
ქართული დემოკრატიის შესანარჩუნებლად პრევენციული ქმედებები უნდა დაიწყოს ქვეყნის მედია ლანდშაფტით. თუ სათანადო ნაბიჯები გადაიდგმება, საქართველო იქნება მაგალითი თავისუფალ ლიბერალურ დემოკრატიებსა და ახალ კონკურენტულ ავტორიტარიზმს შორის მიმდინარე იდეოლოგიურ ბრძოლაში.
საქართველოს მოქალაქეებისა და რეგიონული დემოკრატიის კეთილდღეობისთვის აღმოსავლეთ ევროპა მოითხოვს თავისუფალ, უსაფრთხო და სამართლიან საქართველოს,- წერია სტატიაში.