ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებენ

გამოქვეყნდა:

ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. ამის შესახებ ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მაჭუტაძემ აღნიშნა, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას ესაუბრებოდა სხვადასხვა კონსენსუსურ მოდელებზე.

მისივე თქმით, არ იყვნენ ინფორმირებული ოპოზიციაში არსებული გადაწყვეტილების შესახებ, რომ წარმოდგენილი კანდიდატურებისთვის მხარი არ უნდა დაეჭირათ.

"დეპუტატები - როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და მე, ნიკა მაჭუტაძე, რომლებიც საქართველოს პარლამენტში არჩეული ვართ მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" პარტიული სიით, ვაცხადებთ, რომ ვტოვებთ ფრაქციას სახელწოდებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“. აქვე ვადასტურებთ, რომ ჩვენ დღევანდელ გადაწყვეტილებას სრულად ვიზიარებთ და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები დამალვაზე საუბრობდნენ, რასაკვირველია უარვყოფთ და ვაცხადებთ, რომ ჩვენ არსად ვიმალებით.

ზოგიერთი ტელევიზიის მხრიდან საუბარი იყო გარიგებაზე. ეს არის უსინდისო ტყუილი. როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე არავის გარიგებია. „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაცია არ გვქონია. „ქართულ ოცნებასთან“ არ გვქონია შეხვედრა. „ქართულ ოცნებასთან“ არ გვქონია სატელეფონო ზარი. ჩვენ არაფერი გვაკავშირებს „კლანთან“. იმ „კლანთან“, რომელიც იუსტიციის საბჭოში ძალიან მტკიცედ არის ჩამჯდარი...

მე ვაცნობიერებ იმას, რომ ამ საზოგადოებრივი რეაქციიდან გამომდინარე, იმ რეაქციიდან გამომდინარე, რაც საქართველოს დემოკრატიულ საზოგადოებას გაუჩნდა, შესაძლოა ჩვენი ეს პოზიცია ყოფილიყო რასაკვირველია ერთგვარი კომუნიკაციის პრობლემა, ასევე კომუნიკაციის პრობლემა ზოგადად ოპოზიციურ ფლანგში,  რომელიც ჩვენ გვქონდა. არავის არ განუცხადებია ჩვენთვის, რომ ხმის მიცემის პროცედურა არ იყო, არავის ეს უთქვამს. არავის არ უთქვამს, რომ ხმა არავის არ მივცეთ, ასეთი შეთანხმება არ არსებობდა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამის შესახებ არც გაფრთხილებულები ვიყავით და არც შეთანხმებულები ვიყავით. 

ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ რახან ეს არის ევრორეკომენდაციის საკითხი და იმ 12 პუნქტის საკითხი, ჩვენ მივცემდით ხმას სიას, რომელიც იყო წარმოდგენილი პარლამენტში, მაგრამ იმდენად რამდენადაც ჩვენ ამ მოლაპარაკებებში ჩართული არ ვყოფილვართ და ჩვენი ინფორმირება არ მომხდარა აქამდის, მოხდა ეს შეცდომა, ამას მე ვაღიარებ ჩემს პირად პოლიტიკურ შეცდომად, ვცნობ ჩემს პირად პოლიტიკურ შეცდომად" ამბობს ნიკა მაჭუტაძე.

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი ოპოზიციასთან მოლაპარაკების გარეშე  დაამტკიცა. საკითხი კენჭისყრაზე ისე გაიტანეს, რომ კანდიდატებზე პარტიებთან შეთანხმება ვერ შედგა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა, თუმცა ფარულ კენჭისყრაში კანდიდატებმა 90- ზე მეტი ხმა მიიღეს მაშინ, როდესაც "ოცნების" უმრავლესობას სულ 84 ხმა აქვს. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ შეთანხმებულები იყვნენ "ოცნების" ფავორიტი კანდიდატებისთვის მახარი არ დაეჭირათ. მიუხედავად ამისა, კენჭისყრის შედეგები აჩვენებს, რომ არჩეულ კანდიდატებს ხმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც მისცეს.  

კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. იქამდე კი მმართველმა გუნდმა 5 ვაკანტურ პოზიციაზე სამი ახალი წევრის არჩევა მოახერხა: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა).

კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი