პოლიტიკური სკანდალის საიდუმლო ამოხსნილია. "ნაციონალური მოძრაობის" შიდა ჩათი ადასტურებს - კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე მთავარი ოპოზიციური ფრაქცია განიხილავდა კონკრეტული კანდიდატების მხარდაჭერის ვერსიებს. თუმცა მიმოწერა, რომელიც "მთავარმა არხმა" მოიპოვა, იმდენად ბუნდოვანია, რომ ორივე დაპირისპირებულ მხარეს თავის მართლების შესაძლებლობას აძლევს და არცერთს არ ამართლებს. კანდიდატებიდან, რომლების მხარდაჭერასაც "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია განიხილავდა, მხოლოდ ერთი იყო "ქართული ოცნების" წარდგენილებს შორის.
და ამ ერთი კანდიდატის მხარდაჭერაც კი ოპოზიციის მხრიდან უდიდეს კითხვის ნიშნებს აჩენს. საუბარია ნინო ნიშნიანიძეზე, რომელიც პირდაპირ გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურაა. როგორ მოხვდა ის "ნაციონალური მოძრაობის" ფავორიტებს შორის გაურკვეველია. ისევე, როგორც უცნობია მიზეზი, რომლის გამოც ოპოზიციურმა ხუთეულმა მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების" კიდევ ორ სხვა კანდიდატს.