პოლიტიკურ კონფრონტაციაში გადატანილი პირადი ბრაზი. ირაკლი კობახიძე ამერიკის ელჩს ისევ თავს ესხმის და შეერთებული შტატების სავიზო პოლიტიკას აკრიტიკებს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განაწყენება ანსამბლ "მართვესთვის" ამერიკის ვიზების გაცემაზე უარმა გამოიწვია. სწორედ ამ ანსამბლში მღერის მისი ვაჟი, რომელიც ასევე უნდა გამგზავრებულიყო ტურნეში.
ბრალდება მმართველი პარტიის ლიდერისგან იმდენად გამაოგნებელი აღმოჩნდა, რომ ამერიკელმა დიპლომატმა მას თავშეკავების გარეშე უპასუხა. კელი დეგნანმა ირაკლი კობახიძე პირდაპირ დაადანაშაულა პირადი ინტერესებით მოქმედებაში და განუმარტა, რომ შეერთებული შტატების საელჩოში გადაწყვეტილებებს ამ პრინციპებით არ იღებენ.
თუმცა სკანდალს კიდევ ერთი გაგრძელება აქვს - პოლიტიკის ანალიტიკოსებმა კობახიძის დღევანდელ განცხადებაში კვლავ ანტიდასავლური პროპაგანდა დაინახეს, რომელიც კრემლის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმების ფონზე სულ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა.