შაქარაშვილის სიკვდილის რეალური მიზეზი კიდევ დიდხანს იქნება გაურკვეველი. 19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული მკვლელობიდან თითქმის 2 თვის შემდეგ ექსპერტიზა მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ახალი დასკვნის დასაწერად სპეციალისტები არ ჰყავს და სამი ექიმის მოძებნას ახლა საგამოძიებო უწყებას სთხოვს. გეგმის მიხედვით, საქმეში ნეიროქირურგი, ნევროლოგი და კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი უნდა ჩაერთოს. დღეს გაირკვა, რომ მიმართვის მიუხედავად, არცერთი ექიმი ნაპოვნი არ არის.
ექსპერტიზის პირველადი დასკვნა თავდაყირა მაშინ დადგა, როდესაც უკრაინელმა კრიმინალისტმა, შაქარაშვილის მკვლელობის სავარაუდო მიზეზებზე "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა. მაშინ არავის უღიარებია, გალინა კარმუშინას ვერსიის სიმყარე, თუმცა ამ მოსაზრებებიდან მალევე, სამხარაულის ბიურო და გამოძიება იძულებულები გახდნენ, დამატებითი მედიკოსების ჯგუფის მოძიება ერთიანი ძალებით დაეწყოთ. არადა უკრაინელი ექსპერტი დიდი ხნის წინ ამტკიცებდა, რომ ფეხბურთელს სავარაუდოდ ფუძის მოტეხილობა ჰქონდა, სავარაუდოდ ორი დღე ცოცხალი, თუმცა მძიმე მდგომარეობაში იყო.
ახალი დასკვნის ავტორებს შორის, დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძეც იქნება, რომელიც ამტკიცებს, რომ 19 წლის ფეხბურთელს ფუძის მოტეხილობა არ აღენიშნებოდა. თუმცა არავინ უარყოფს, რომ დაღუპულისთვის კომპიუტერული ტომოგრაფია არ გადაუღიათ, ექსპერტიზის ბიუროს ეს აპარატურა უბრალოდ არ აქვს. ალექსანდრე გეჯაძე გვიდასტურებს, რომ ამ დრომდე ქვეყანაში ვერც კვალიფიციური სპეციალისტები მოიძებნა.
ალექსანდრე გეჯაძისგან გასხვავებით, იურისტები დარწმუნებულები არიან რომ სრული სურათის აღდგენა ვერ მოხდება. ადვოკატები ახლა ეჭვქვეშ ექსპერტიზის მომავალ დასკვნასაც აყენებენ, რომელმაც 2 თვის შემდეგ მაინც უნდა უპასუხოს მთავარ შეკითხვას - რა გახდა შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი. გვამის შესწავლა დასრულებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უკვე შეუძლებელი იქნება.
რატომ ალაპარაკდა სამხარაულის ბიურო ტექნიკურ შეუძლებლობაზე მხოლოდ ახლა, გაუგებარია. ექსპერტებს დახმარება რომ სჭირდებოდათ წესით ეს პირველად დოკუმენტშიც უნდა ასახულიყო, თუმცა დასკვნაში არსად წერია, რომ საბოლოო კვლევაში ექიმების ახალი ჯგუფი უნდა ჩაერთოს.