თოფაძეებს მოლაპარაკებას სთავაზობენ. განცხადება ამის შესახებ გოგი თოფაძემ ცოტა ხნის წინ, საკუთარ სახლთან, ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. ბიზნესმენი ამბობს, რომ მოლაპარაკებები არ იქნება და დამნაშავემ დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს.
მირეკავენ ვიღაცეები, ყველასთან დავამთავრე საუბარი, რაც მოხდა, იმაზე აგოს პასუხი, მითუმეტეს პირველი შემთხვევა ეს არ არის. არავითარი მოლაპარაკება მაგასთან არ მექნება... - ამბობს თოფაძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2 აგვისტოს გამთენიისას დაჭრეს. დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც.
შსს-ს ინფორმაციით, ჟვანიამ თოფაძეს მისსავე საკუთარ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.