თამარ ბაჩალიაშვილის დედა, მისი შვილის დაღუპვის საქმეში FBI-ის ჩართვას ითხოვს, ამის შესახებ თეონა თამაზაშვილმა საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ თქვა.
"მე FBI-ის ჩართულობას მოვითხოვ აუცილებლად, უშუალოდ მივმართავ ქალბატონ ელჩს, და თუ კი პროკურატურა უარს იტყვის მათ ჩართვაზე, ეს ცხადზე ცხადი იქნება, რომ არ აწყობთ მათი ჩართვა და თვითონ არიან დამნაშავეები" - ამბობს თამაზაშვილი.
გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს, თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა თინეიჯერობისას, დედა პასუხს, რომ ეს ვერსია პოლიციის გავრცელებულია. თეონა თამაზაშვილი ასევე ამბობს, რომ ამ საკითხზე საუბარი მას არ სურდა, თუმცა რადგან ხმა გავრცელდა მან ჟურნალისტების შეკითხვას შემდეგნაირად უპასუხა:
" გარდატეხის ასაკი თამუნამ ძნელად გადაიტანა, ამაზე საუბარი არ მინდოდა, მაგრამ პოლიციამ გაავრცელა და ამიტომ ვიტყვი... ექიმი ვარ, ეს ყოფითი ცხოვრების ნაწილია, ციკლის მომენტი ძალიან ძნელად გადაჰქონდა თამუნას, ამიტომ იმ პერიოდში, აფთიაქში იყიდა დამამშვიდებელი. Facebook-ზე დაწერა, რომელია ყველაზე კარგიო, ვიღაცამ ურჩია "აზალეპტინი" და ბავშვმა თვითნებურად იყიდა და დალია წამალი. რადგან, თავისი ასაკისთვის არ იყო შესაბამისი და არ იცოდა დოზები, ამიტომ ის მოხვდა იაშვილის კლინიკაში. ჩვენ არც ვიცოდით რა იყო, სახლში აღმოვაჩინეთ, ეგ იყო და ეგ.
რომ სდომებოდა ჩემ შვილს სუიციდის მცდელობა, მაშინ ბევრ წამალს დალევდა. ამიტომ ეს ვერსიაც წყალში ჩაუვარდათ" - ყვება დედა, თეონა თამაზაშვილი.
შეგახსენებთ, ბაჩალიაშვილების ოჯახი საპატრიარქოში წესის აგების რიტუალთან დაკავშირებით მივიდა. დედა ამბობს, რომ ზემოხსენებულ საკითხებზე, მან შეხვედრის დროსაც ისაუბრა.