გადამწყვეტი ბრძოლა ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ - 3 თვე არჩევნებამდე

გამოქვეყნდა:

გადამწყვეტი ბრძოლა ოლიგარქ ივანიშვილისა და ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ - ქართული პოლიტიკური სპექტრი ყველაზე მნიშვნელოვან წინასაარჩევნო ეტაპზე გადადის.

"ოცნების" ოპონენტებს მოუწევთ ბრძოლა დიდი ფულისა და სახელისუფლებო მანქანის წინააღმდეგ. არჩევნებამდე 3 თვით ადრე ივანიშვილის მოწინააღმდეგეთა რიგებში გადალაგებებიც დაიწყო. პირველი, ვინც ოპოზიციის რიგებიდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა, "ევროპული საქართველოა". სულ მალე გახდება ცნობილი მთავრი ოპოზიციური პარტიის რჩეულთა ვინაობაც. ეს იქნება ისტორიული არჩევანი ქვეყნის დასავლურ კურსსა და პუტინის ორბიტას შორის. ამ ბრძოლაში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ქვეყნის მესამე პრეზიდენტი აქტიურად იქნება ჩართული.

საარჩევნო მარათონი დაიწყო. ახლა ოპოზიციის ლიდერები დიდი გამოწვევის წინაშე დგანან - მათი პოლიტიკური მეტოქე 7 მილიარდის მქონე ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია. ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ ძალას სათავეში მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგება. გადამწყვეტ ბრძოლაში ჩართვის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში" ისაუბრა და დარწმუნებით თქვა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უპრეცედენტო შედეგს დადებს.

ივანიშვილის წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლაში თავის წვლილს შეიტანს ყოფილი პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ყოფილმა პოლიტპატიმარმა პოლიტიკური განაცხადი ოფიციალურად გააკეთა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით საზოგადოებას აცნობა, რომ ის ამ ბრძოლაში "ნაციონალური მოძრაობის" გვერდით იდგება, თუმცა არცერთი თანამდებობისთვის არ იბრძოლებს.

საარჩევნო კამპანიის დაწყება ოპოზიციაში ყველას დაასწრო და 16 მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატები საზოგადოებას გააცნო "ევროპულმა საქართველომ". ირკვევა, რომ ფოთში, ხობსა და სენაკში პარტიიდან მაჟორიტარობისთვის გიგა ბოკერია იბრძოლებს, ზუგდიდში კი "ქართული ოცნების" კანდიდატს ირაკლი ჩიქოვანს გიგი უგულავა დაუპირისპირდება.პარტიამ სამომავლოდ კანდიდატები კიდევ 6 ოლქში უნდა დაასახელოს.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად კი ოპოზიციაში გადალაგებები დაიწყო. მას შემდეგ, რაც გიორგი ვაშაძემ კოალიცია "ძალა ერთობაშია" დატოვა და პოლიტიკური საქმიანობა დამოუკიდებლად გადაწყვიტა, კოალიციის წევრებს მის მიმართ კითხვები გაუჩნდათ. მაშინ, როცა კარს გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნებია მომდგარი, მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციაში განხეთქილება მხოლოდ ერთ ადამიანს აწყობს და ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილია.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილს ჯერ სოციალურ ქსელში "ფოტოშოპში" დამუშავებული ილუსტრაციით გამოეხმაურა, მოგვიანებით კი საგანგებო ბრიფინგით უპასუხა.

გიორგი ვაშაძეს ისნის მაჟორიტარულ ოლქში კონკურენციას გაუწევს და დამოუკიდებლად კენჭს იყრის დავით ჭიჭინაძე.

გამარჯვების ფორმულა პოლიტიკური პარტიებისთვის სხვადასხვანაირია. ნაწილი ფიქრობს, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად უფრო ეფექტური იქნებოდა საერთო მაჟორიტარებზე კოორდინაცია არამარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც შემდგარიყო. კანდიდატებზე კონსულტაციები ბოლომდე დასრულებული არ არის, თუმცა ოპოზიციაში ყველა თანხმდება, რომ ახლა მთავარი არჩევნების გაყალბებისგან ხსნა და ოპოზიციური ხმების ბოლომდე დაცვაა. რესპუბლიკური პარტია გვიდასტურებს, რომ კონსულტაციებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" მართავს და შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური სტაჟის მქონე პარტია საარჩევნო ბლოკში ვიხილოთ.

მრავალფეროვანი, განსხვავებული იდეოლოგიის მქონე პარტიები, არცაა გასაკვირი, რომ ივანიშვილზე გამარჯვების სქემას სხვადასხვაგვარად ხედავენ. ის, რაც ამ დროისთვის ოპოზიციის უპრეცედენტო ერთობამ შედეგად გამოიღო, დედაქალაქის 6 ოლქში საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმებაა. თბილისის საბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქებზე ერთიან ოპოზიციაში კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლამდე კი ზუსტად 3 თვეა დარჩენილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი