გვჯერა, რომ შემდეგი ნაბიჯი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა იქნება - გავრილოვი

გამოქვეყნდა:

რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვარაუდით, საქართველოსთან ფრენების აღდგენის შემდეგ შესაძლოა დიპლომატიური ურთიერთობებიც აღდგეს. 

როგორც გავრილოვი სამთავრობო გამოცემა Русская газета-სთან ინტერვიუში ამბობს, ასეთი ნაბიჯებს შესაძლებელს ხდის "საქართველოს თავშეკავებული პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით".

"ჩვენ გვჯერა, რომ შემდეგი ნაბიჯი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარებისთვის იქნება სრული დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა და ელჩების გაცვლა. 

ასეთი ნაბიჯის შესაძლებლობას გვაჩვენებს საქართველოს თავშეკავებული პოზიცია უკრაინის საკითხთან, დემოკრატიული პრინციპების დაცვა. ჩვენს ხალხს მჭიდრო კავშირები აქვს და ჩვენ საერთო სულიერი, მორალური ღირებულებები და კულტურა გვაქვს," - ამტკიცებს რუსი დეპუტატი.

გავრილოვი ამბობს, რომ საჰაერო ფრენის შეზღუდვა 4 წლის წინ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იქნა შემოღებული.

"არ იყო უსაფრთხო ჩვენი ტურისტებისთვის თბილისში ყოფნა, რადგან ამ დროს იქ საქართველოს მთავრობის გადასაგდებად კამპანია იყო დაწყებული... ამ რადიკალების ერთ-ერთი მთავარი მოწოდება იყო, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სრულიად განადგურებულიყო," - ამბობს გავრილოვი.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს რუსეთის ფედერაციამ საქართველოში ფრენები სწორედ სერგეი გავრილოვის საწინააღმდეგოდ დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ აკრძალა. 

ამ წლის 19 ივნისს საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა იმართებოდა, რომლის თავმჯდომარეც სერგეი გავრილოვი უნდა ყოფილიყო, რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდა, რასაც თბილისში ხალხმრავალი და მწვავე პროტესტი მოჰყვა. გავრილოვი საქართველოდან იმავე დღეს გაიქცა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი