
სამწუხაროდ, 7-8 მარტის აქციების შესახებ მოვისმინეთ, ბევრი სპეკულაცია, პოლიციის მიმართ ცილისწამება და შეურაცხყოფა- აცხადებს შს მინისტრი პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას. გომელაური აცხადებს, რომ მარტის აქციების მონაწილეები ძალადობრივ ქმედებებს მიმართავდნენ, ისროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, ხოლო სამართალდამცველები წესრიგს იცავდნენ. გომელაურის მტკიცებით, 7 და 8 მარტს გამართული საპროტესტო აქციები, "არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში".
"საკანონმდებლო ორგანოს თითოეულ წევრს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგით ხელმძღვანელობთ, მარტის მოვლენების დროს პოლიციის მხრიდან ზომიერი, მაღალპროფესიონალური და სამართლიანი მოქმედებების შესახებ თავად შეგიძლიათ მსჯელობა და სწორი დასკვნების გამოტანა. 7 და 8 მარტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე გაიმართა საპროტესტო აქციები, რომელიც არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა ძალადობრივ, არამშვიდობიან მასობრივ ქმედებებში“, - განაცხადა გომელაურმა.
მისი თქმით, 7-8 მარტის აქციებს 60-მდე პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები მიმდინარე წლის 7 მარტს, აქციის დაანონსების შემდეგ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ განლაგდნენ და საპროტესტო აქციის მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფდნენ.
დღის ბოლოს, საქართველოს პარლამენტში კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის წინ მიმდებარე აქციაზე, ერთ-ერთი გამომსვლელის მიერ გაკეთდა მოწოდება, რომ აქციის მონაწილეებს უნდა გადაენაცვალათ პარლამენტის შესასვლელებთან და წრე შემოერტყათ პარლამენტის შენობისთვის.
არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი მზად იყო მოეწყო საკანონმდებლო შენობის ბლოკირება რათა არ მისცემოდათ იქ მყოფ დეპუტატებს და პარლამენტის თანამშრომლებს შენობის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება. მოწყოთ მათთვის სირცხვილის კორიდორები და ასევე განეხორციელებინათ ინდივიდუალური თავდასხმები დეპუტატებზე.
მოწოდების შესაბამისად აქციის მონაწილეები გაიყვნენ ორ ჯგუფად, დაიწყეს მოძრაობა 9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩების მიმართულებით“, -განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, "ვინაიდან არსებობდა რეალური საფრთხე, რომ მომხდარიყო პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და პარლამენტის შენობის დატოვების დროს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებსა და თანამშრომლებზე განხორციელებულიყო მიზანმიმართული ფიზიკური ანგარიშსწორება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება დამატებითი საპოლიციო ძალების გამოყვანის შესახებ".
მისივე თქმით, დაახლოებით 21:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა "პოლიციის თანამშრომლების მიმართ, რომლებიც განლაგებულნი იყვნენ 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, დაიწყეს აგრესიული ქმედებები, რაც გამოიხატებოდა სიტყვიერ შეურაცხყოფაში, ფიზიკურ დაპირისპირებასა და თავდასხმებში“,
გომელაურის თქმით, პოლიციის მხრიდან აუცილებელი მოგერიების მიზნით გამოყენებულ იქნა წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი, რასაც წინ უძღვოდა არაერთი გაფრთხილება:
"ჩვენს საზოგადოებას პირდაპირ ეთერში ჰქონდა საშუალება თვალი ედევნებინა ამ პროცესებისთვის და ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ საქართველოში პირველად აქციაზე პოლიციელების წინააღმდეგ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებისა და პიროტექნიკის გამოყენების ფაქტები - " ამბობს გომელაური