
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ყვარელში მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა და მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
"მოგიწოდებთ ყველას, ვისაც შეგიძლიათ, მოხვიდეთ აქციაზე დედაქალაქში, ვისაც შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ყვარელში და აუცილებელია ადგილზე გაპროტესტება. ჩვენ ვნახეთ ნიღბიანი ზონდერების, რუსული პარტიის მიგზავნილი ზონდერების ძალადობრივი ქმედებები ანტიპუტინისტურ აქციაზე ყვარელში. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა საქართველოს ბოლომდე გარუსება, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, ქართველი ხალხი დადგეს ერთად და ჩვენ ყველამ ერთად გადავდოთ აბსოლუტურად ყველა განსხვავება რაც კი არსებობს, პოლიტიკური, მოქალაქეობრივი, საქმიანი, ყველაფერი გვერდით უნდა გადავდოთ, როცა საქმე ეხება ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენ სამშობლოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავალს", - ამბობს ხაბეიშვილი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, დილიდან ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო "ყვარელი რეზორტთან" სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი, რომლებიც ქვეყანაში ლავროვის ოჯახის წევრების შემოსვლას აპროტესტებენ.
როგორც ცნობილია, დღეს საღამოს სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიძის ძმის ქორწილია დაგეგმილი. სტუმრების სიაში იმყოფებიან ლავროვის ოჯახის წევრები, მათ შორის მისი სანქცირებული შვილი ეკატერინა ლავროვა და მისი ქმარი.
ენმ-ის წევრები ამბობენ, რომ ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში აპირებენ დარჩენას. გარდა ამისა დღეს, 18 საათზე თბილისში, პარლამენტის შენობასთან დაგეგმილია საპროტესტო აქცია, სადაც რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას გააპროტესტებენ.