ოკუპანტების ვოიაჟი საქართველოს ძვირადღირებულ სასტუმროებში - ჩაშლილი ქორწილის დეტალები

გამოქვეყნდა:

ყვარლის ტბაზე რუსული ქორწილი ჩაიშალა, თუმცა ის მოქალაქეები, რომლებიც პუტინთან დაახლოებული პირების საქართველოში შემოსვლას აპროტესტებდნენ, ქართველმა პოლიციელებმა დააკავეს. სამართალდამცველები არც ძალის გამოყენებას მორიდებიან იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ღირსებას იცავდნენ. დაკავებულია პარტია "დროას" ლიდერი. ელენე ხოშტარია თელავში მას შემდეგ დააკავეს, რაც დროას წევრებს პოლიციის შენობასთან იმის გასარკვევად მიაკითხა, რატომ დააკავა კახეთის სამხარეო პოლიციამ ქვეყნის ღირსების დასაცავად გამოსული აქტივისტები. 

დღეს ყვარელი რეზორტში რუსული ქორწილის მეორე და მთავარი დღე უნდა ყოფილიყო. სერგეი ლავროვის სიძის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმის ქორწილისთვის რუსული დელეგაცია  ქვეყანაში 3 დღის წინ ჩამოვიდა. ნაწილი ვლადიკავკაზიდან, მეორე ნაწილი კი საჰაერო გზით. იმის გამო, რომ  ყვარლის ტბის სასტუმროში ვერ დაეტივნენ, მათი ნაწილი ახაშენი რეზორტში დარჩა.  საქორწილო წვეულება კი ყვარელი რეზროტში დაგეგმეს. მანამდე კი იყო ხელმოწერის ცერემონია თბილისში და გართობა ქართლ რესტორნებში. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ქალიშვილი ამერიკაში გაიზარდა და კარგი განათლება მიიღო,  თუმცა რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ მას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სერგეი ლავროვთან ერთად  სანქციები დაუწესა და ეკატერინა ლავროვა იძულებული გახდა რუსეთში დაბრუნებულიყო. მასთან ერთად ამერიკამ და ევროკავშირის ქვეყნებმა სანქციები  2022 წლის აპრილში მისი ოჯახის წევრებს - ქმარსა და მამამთილსაც დაუწესა. ქმარი ალექსანდრე ვინოკუროვიც ცოლთან ერთად სანქცირებულია. 

როგორ შემოვიდნენ ქვეყანაში დასავლეთის მიერ დასანქცირებული ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები- არცერთ სახელმწიფო უწყებაში განმარტება არ გაკეთებულა. შს მინისტრმა გუშინ მედიის კითხვებს თავი აარიდა, თუმცა ფაქტია ხელისუფლების ნებართვის გარეშე ოკუპანტების დელეგაცია საქართველოში ვერ ჩამოვიდოდა და მით უფრო საქორწილო წვეულებას ვერ მოაწყობდა. 

რატომ მიიღო სტუმრად ერთერთმა ცნობილმა სასტუმრომ  დასანქცირებული ოკუპანტები - სასტუმროს მეპატრონე ბიზნესმენი არჩილ გეგენავა მთავარის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მასთან ერთად ყვარლის ტბის სასტუმროს ფლობს ანდრო გეგენავა, ივანე ნიკოლაიშივლი და გიორგი ჩუბინიშვილი.

მას შემდეგ, რაც მთავარმა არხმა სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, ყვარლის სასტუმრომ არხი დეზინფორმაციაში დაადანაშაულა და უარყო ეკატრინა ლავროვას მათთან ყოფნა. ეს იმის მიუხედავად, რომ მანამდე ეს ინფორმაცია თავად სასტუმროს ადმინისტრაციამ დაადასტურა. 

საზოგადოების აქტიურობის შედეგად  ქორწილი ჩაიშალა. ეკატერინა  ლავროვა  და მისი ოჯახის წევრები წუხელ,  გვიან ღამით უკვე გაიყვანეს სასტუმროდან და ისინი თბილისიდან საუდის არაბეთში გაფრინდნენ. 

დანარჩენი სტუმრები ამ დრომდე ელოდებიან, როდის დაწყნარდება ვითარება , რომ სასტუმროს ტერიტორია მშვიდად დატოვონ. მათ უსაფრთხოებას  ქართული პოლიცია  შს მინისტრის  დავალებით იცავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი