რუსულმა რეჟიმმა ტრიუკი ჩაატარა. გამოაგორეს პრეზიდენტი და მოაყოლეს ტყუილი, რომ ეს ხალხი აღარაა სასტუმროში - ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

ენმ-ის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ტრიუკი ჩაატარა და სალომე ზურაბიშვილს ტყუილი ათქმევინა - განცხადება ლევან ხაბეიშვილმა ყვარელში, ყვარლის ტბის სასტუმროსთან გააკეთა:

"საქმე გვაქვს რუსულ რეჟიმთან, რომელმაც რამდენიმე საათის წინ ტრიუკი ჩაატარა. გამოაგორეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მოაყოლეს ტყუილი, გავიდა ეს ხალხი და აღარაა სასტუმროშიო. ჟურნალისტები აქ ხართ და დაინახეთ, რომ ვინმე გაიყვანეს? ეს არის ტყუილი იმის გამო, რომ საპროტესტო მუხტი არ იყოს, პრობლემები არ შეექმნას ლავროვს და მისი ოჯახის წევრებს, რომ კრემლს აჩვენონ რომ იცავენ, იცავენ ნიღბიანები, სპეცრაზმი, ჩვენს ხალხს რომ ავიწროებენ, უკრაინელ ბავშვებს რომ ხოცავენ და ჩვენც კარგი დღე არ დაგვაყენეს, სანქცირებულები რომ არიან, აი, ამ ადამიანების ოჯახის წევრებს იცავენ.

ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის შელახვა. მინდა, მოქალაქეებს მოვუწოდო - არ უნდა იყოს დაღლა, უიმედობა, გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. ოღონდ ამას ქართველი ხალხის ერთიანობა, ერთიანი პოზიცია სჭირდება. როგორც გვჩვევია ქართველ ხალხს მძიმე ისტორიულ პერიოდში, მძიმე ისტორიული პერიოდია, როდესაც რუსულ პარტიას ამ ქვეყნის რუსულ გუბერნიად უნდა გადაქცევა, მოქალაქეების 90% კი ურყევად ამბობს, რომ ევროკავშირში უნდა”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ,  სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, მან პირობა მიიღო შს მინისტრისგან,  რომ ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრებმა ქვეყანა დატოვეს და კახეთში, ქორწილი აღარ შედგება.

ყვარლის ტბის სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია დღეს მთელი დღის განმავლობაში მოვლენების ეპიცენტრი იყო. იქ ამ დრომდე რჩებიან  ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. მათ არ სჯერათ, რომ სასტუმროში ოკუპანტი ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები აღარ იმყოფებიან და ითხოვენ ნდობით აღჭურვილი პირები დაუშვან სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე დასათვალიერებლად. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი