"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სასამართლო პროცესის მოლოდინშია. ზაჰესის იზოლატორში მას დღეს ადვოკატი მოინახულებს, რომელიც იმედოვნებს, რომ თელავის რაიონული სასამართლო ხოშტარიას ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლებს.
გამოძიება ხოშტარია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციიის მიმართ დაუმორჩილებლობას ედავება. დღსვე გაიმართება ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი.
"რადგან ის დააკავეს თელავში, შესაბამისად, სასამართლო პროცესი უნდა ჩატარდეს თელავის საქალაქო სასამართლოში. ამიტომ, სავარაუდოდ, დილით უნდა შეიტანონ შუამდგომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, სხვა შემთხვევაში, დროებითი ხელწერილით უნდა გამოუშვან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან. ველოდებით პოლიციის გადაწყვეტილებას. თვითონ კარგადაა, ამ ეტაპზე არ აქვს არანაირი პრობლემა", - თქვა ადვოკატმა
ელენე ხოშტარია გუშინ, 20 მაისს თელავის პოლიციასთან მაშინ დააკავეს, როცა ყვარელში დაკავებული აქტივისტებისთვის ადვოკატის უფლებას ითხოვდა. ყვარელში მოქალაქეები ქვეყანაში ლავროვის სანქცირებული შვილის შემოსვლას აპროტესტებდნენ.