
"ქართული ოცნების" წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის განცხადება, რომ მას შს მინისტრმა უთხრა, რომ ლავროვის ოჯახი საქართველოში ქორწილს არ გადაიხდის "ტყუილ ინფორმაციას შეიცავს".
მამუკა მდინარაძის თქმით, შეუძლებელია, გომელაურს ზურაბიშვილისთვის ეთქვა, რომ ქორწილის მეორე დღე გადაიდო.
"ქორწილის გეგმები გადაიდო - ამ ნაცურ ნარატივში ჯდება, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი და ასეთ არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს და ამავდროულად არასწორს. მისი გაკეთებული განცხადება შეიცავს ტყუილ ინფორმაციას, რადგან შეუძლებელია ვახტანგ გომელაურს მისთვის ეთქვა, რომ ის გადადებდა ქორწილის მეორე დღეს, რადგან ასეთი საკითხებით გომელაური და შსს დაკავებული არაა", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძე ასევე გამოეხმაურა ლავროვის სანქცირებული შვილის ქვეყანაში შემოსვლას. მისი თქმით, რადგან კონკრეტული პირი საქართველოს მიერ არაა სანქცირებული, ქვეყანაში მისი არშემოშვების საფუძველი არ არსებობს.
"ყველა კონკრეტულ დეტალზე, რუსეთის რომელი მოქალაქეც არ უნდა იყოს, ყველაზე შეიძლება ახალი კამპანიის აგორება, რომ ის სადღაცაა სანქცირებული, შეიძლება მათ შორის, ჩვენს მეგობარ ქვეყნებში, მაგრამ რადგან საქართველოს მიერ არაა სანქცირებული, ელემენტარული საფუძველიც შეიძლება არ გააჩნდეს მებაჟეს მისი გაჩერების ან არშემოშვების", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, 19 მაისს "მთავარმა არხმა" ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შვილი, ეკატერინა ლავროვა საქართველოში ოჯახის წევრის ქორწილისთვის იმყოფებოდა. ლავროვა სანქცირებულია აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და კანადის მიერ.
ლავროვის შვილის საქართველოში შემოსვლას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. 20 მაისს დილიდან აქცია იმართებოდა სასტუმრო "ყვარელი რეზორტთან", სადაც რუსების ქორწილი იყო დაგეგმილი, ასევე აქცია გაიმართა საღამოს 18:00 საათზე. საღამოს დაგეგმილ აქციამდე ერთი საათით ადრე კი, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ საქართველოში ქორწილი აღარ ჩატარდებოდა და მან ეს პირობა შს მინისტრისგან მიიღო.
სალომე ზურაბიშვილი პირველი ოფიციალური პირი იყო, ვინც ლავროვას საქართველოში შემოსვლა დაადასტურა, მანამდე ინფორმაციას ოფიციალური უწყებები უარყოფდნენ.