
"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს. ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რატომ უთხრა სახალხო დამცველის წარმომადგენელს იზოლატორში მის მონახულებაზე უარი.
"მე პირადად ვინც დამაკავა კახეთში, არანაირი პრეტენზია იმასთან არ გამაჩნია, თუმცა თვითონ პროცესი იყო მათთვისვე დამამცირებელი. დარბოდნენ, სადღაც მიმარბენინებდნენ, სადღაც მომარბენინებდნენ... სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ სახალხო დამცველის ორი წარმომადგენელი იყო მოსული, რომლებმაც დაინახეს, როგორ გამაქცუნეს იქ სადღაც გაურკვეველი მიმართულებით და სამწუხაროდ, არანაირი განცხადება ამაზე არ გაუკეთებიათ. სახალხო დამცველი, სამწუხაროდ, არის იგივე ივანიშვილის... არამხოლოდ ამიტომ, ამ ფაქტის გამო არა, მანამდეც ვიცოდი, რომ ლევან იოსელიანი არის "ქართული
ოცნების" წარმომადგენელი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს დამატებითი ფაქტიც ამაზე მეტყველებს", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარია 20 მაისს თელავში, იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ყვარელში დაკავებულებისთვის, ადვოკატის უფლებას ითხოვდა. ხოშტარია იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც მასთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი მივიდა, თუმცა მან ომბუდსმენის წარმომადგენელთან შეხვედრაზე უარი თქვა.
შეგახსენებთ, გუშინ ყვარელში მოქალაქეები ლავროვის შვილის საქართველოში შემოსვლას აპროტესტებდნენ, რა დროსაც პოლიციამ 10-ზე მეტი ადამიანი დააკავა.