ვიზის შემოღება, ფრენების აკრძალვა, გულისხმობს, რომ ქვეყანა რუსეთთან ესკალაციაზე მიდის - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რუსეთისთვის ნებისმიერი სახის შეზღუდვის დაწესება ესკალაციას გამოიწვევს, რომელმაც მისი სიტყვებით, შესაძლოა საქართველო რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებამდე მიიყვანეს.

ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მედიის წარმომადგენლებმა პაპუაშვილს რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით ჰკითხეს. 

პაპუაშვილის თქმით, ნებისმიერი შეზღუდვა რუსეთისთვის, მათ შორის სავიზო რეჟიმის დაწესება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა და ა.შ. სანქციებია. მისივე თქმით, ყველა ვინც მსგავს შეზღუდვებს ითხოვს, რუსეთთან ესკალაციას ითხოვს.

"ნებისმიერი ასეთი ქმედება, ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა, სხვა ეს ყველაფერი არის სანქცია, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანა მიდის ესკალაციაზე რუსეთთან. ესკალაცია თავის მხრივ გულისხმობს, რომ შევდივართ ისეთ სპირალში, რომლის შედეგების წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. შესაბამისად, ამის საპირისპიროდ როცა აწესებს სანქციებს, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია რომ იქნება კონტრსანქციები, საპასუხო ზომები, რაც საბოლოო ჯამში იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას შეექმნება საფრთხე და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას შეექმნება საფრთხე.

ყველას შევახსენებ, რომ რუსეთის ჯარი დედაქალაქიდან 30 კილომეტრში და დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ მთავარი ავტობანიდან 500 მეტრში იმყოფება, ესაა უდიდესი სამხედრო რისკი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. გარდა ამისა, ასევე დიდია საფრთხე, რომ რუსეთი ოკუპაციის პოლიტიკიდან გადავიდეს, ანექსიის პოლიტიკამდე. ისინი, ვინც გვთავაზობენ ვიზის დაწესებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას, საჰაერო სივრცის ჩაკეტვას და ა.შ ანუ ისინი ვინც გვთავაზობენ სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ, სინამდვილეში გვეუბნებიან რომ ჩვენ უნდა გავრისკოთ რუსეთთან ესკალაციაში და შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ვინც გვეუბნებიან, რომ სანქციები უნდა დავაწესოთ რუსეთთან, არავინ გვაძლევს არც უსაფრთხოების და არც ეკონომიკური დაცულობის გარანტიებს", - თქვა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, პაპუაშვილი ჟურნალისტებთან ამტკიცებდა, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას "ქართული ოცნების" ეს პოლიტიკა მოსწონს.

"ჩვენი მოქალაქეები ამ პოლიტიკას ემხრობიან და იზიარებენ. ეს დადასტურებულია, როგორც სხვადასხვა გამოკითხვით, ასევე ბოლო შუალედური არჩევნებით, სადაც ქართულმა ოცნება უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე 2021 წელს", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი