
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ ბოლო დღეებში გამართული აქციები ქსენოფობიისკენ ბიძგია.
პაპუაშვილის თქმით, მსგავსი კამპანია გასულ წელსაც იყო, რომელშიც მისი სიტყვებით, ჩართული იყვნენ მაშინდელი სახალხო დამცველი, რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები.
"შარშანაც გვქონდა ზუსტად იგივე სიტუაცია. მაშინაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იყო ქსენოფობიური კამპანია, რომელშიც ჩართული იყო მაშინდელი სახალხო დამცველი, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები. ჩვენ მაშინაც ყველას ვაფრთხილებდით, რომ ეს არის ქსენოფობიისკენ ბიძგი - და ჩვენ ვნახეთ, ჭავჭავაძის გამზირზე, ერთ-ერთ ქალს, რომელსაც სლავური გარეგნობა ჰქონდა, ქვა ესროლეს, ახლაც იყო ინციდენტი, რომ მანქანაში მიუვარდნენ ვიღაცას, რადგან ნახეს სლავურ გარეგნობის ადამიანი.
ესაა სწორედ ქსენოფობიის წაქეზება და მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე დაერქვას ამას სახელი. ამ ანალიზის ფონზე, როცა ვხვდებით, რომ ჩვენ არანაირი სანქციების დაწესებას არ ვაპირებთ და არცაა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში სანქციების დაწესება, ამის ფონზე მოწოდება, რომ რუსი ეროვნების ადამიანები მიუღებელი არიან, არ შემოუშვათ და ა.შ.. არის ბიძგი ქსენოფობიისკენ", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
19 მაისს "მთავარმა არხმა" ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შვილი, ეკატერინა ლავროვა საქართველოში ოჯახის წევრის ქორწილისთვის იმყოფებოდა. ლავროვა სანქცირებულია აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და კანადის მიერ.
ლავროვის შვილის საქართველოში შემოსვლას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. 20 მაისს დილიდან აქცია იმართებოდა სასტუმრო "ყვარელი რეზორტთან", სადაც რუსების ქორწილი იყო დაგეგმილი, ასევე აქცია გაიმართა საღამოს 18:00 საათზე. საღამოს დაგეგმილ აქციამდე ერთი საათით ადრე კი, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ საქართველოში ქორწილი აღარ ჩატარდებოდა და მან ეს პირობა შს მინისტრისგან მიიღო.
სალომე ზურაბიშვილი პირველი ოფიციალური პირი იყო, ვინც ლავროვას საქართველოში შემოსვლა დაადასტურა, მანამდე ინფორმაციას ოფიციალური უწყებები უარყოფდნენ.