
ანტიდასავლური პროპაგანდა სოციალურ ქსელში - გამოვლინდა 34 ფეისბუქ გვერდი, რომელიც პლატფორმა "ალტ-ინფოსთანაა" კავშირში და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა. ამ 34 გვერდიდან 12 ღიად, 22 გვერდი კი ფარულად არის აფილირებული ანტიდასავლური პროპაგანდის გამავრცელებელ პლატფორმასთან.
"სამართლიანმა არჩევნებმა" სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად გამოავლინა როგორც "ალტ-ინფოსთან" დაკავშირებული გვერდები, ასევე ის ჯგუფები, სადაც კოორდინირებულად ხდება მასალების განთავსება.
არასამთავრობო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ მთავარი პრობლემა ინფორმაციის არათემატურ ჯგუფებში გავრცელებაა, რადგან მომხმარებელი ვერ ხვდება, რომ პროპაგანდასთან აქვს საქმე.
"ალტ-ინფოს" მასალები ორგანიზებულად ვრცელდებოდა 25 სხვადახვა Facebook ჯგუფში. რადიკალური, ანტი ლიბერალური განწყობების მქონე ორგანიზაცია და ჯგუფი, რომელიც ავრცელებს ანტიდასავლურ პროპაგანდას ამავე სქემით, ხდებოდა ორგანიზებულად გავრცელება მათი გადაცემის, სადაც კრემლის ექსპანსიური პოლიტიკის მთავარი იდეოლოგი, დუგინი ჰყავდათ მოწვეული, - ამბობს ISFED-ის წარმომადგენელი მიხეილ ბენიძე.
„ალტ-ინფოს“ ფარულად გამავრცელებელ 22 გვერდს ჯამში 365,549 გამომწერი ჰყავს, ხოლო ოფიციალურად მოქმედ 12 გვერდს - 157,640. მჭიდროდ კოორდინირებულ 7 ჯგუფში სულ 169,734 მომხმარებელია გაწევრიანებული, დანარჩენ 18 ჯგუფს კი, ჯამურად 777,679 წევრი ჰყავს.