მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც აკრძალავს სანქცირებული პირების შემოსვლას - ენმ

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს დაუყოვნებლივ მოხდეს პარლამენტში იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც აკრძალავს სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას. აღნიშნულზე პარტიის წევრებმა ბრიფინგი პარლამენტში გამართეს. 

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ჯერ კიდევ შარშან ფრაქცია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დააინიცირა კანონპროექტი, რომელიც აკრძალავდა სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ უმრავლესობას აღნიშნული კანონპროექტი განეხილა დაჩქარებული წესით, მათ აღნიშნული კანონპროექტი თაროზე შემოდეს და გაყინეს საპარლამენტო პროცესი.

"მათ შემოუშვეს ახლა უკვე ლავროვის ოჯახის წევრები, რომლებიც არიან საერთაშორისოდ სანქცირებული პირები და რომლებისთვისაც დაკეტილია მთელი თავისუფალი სამყარო. ვინ იქნება შემდეგი ამ ხელისუფლების პირობებში, თავად ლავროვი? რომელიც არქიტექტორია 2008 წლის ომის, გენოციდის, ჩვენი მოქალაქეების დახოცვის, უკრაინის ომის და რომელიც ამბობს, რომ ის აღიარებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ვის ველოდოთ საქართველოში შემდეგს? ამ ხელისუფლების პირობებში არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ მომავალშიც არ შემოვლენ საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული პირები. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოხდეს იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დააინიციირა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩვენ აღნიშნულ საკითხს დავაყენებთ დღეს ბიუროს სხდომაზე და ველით, რომ საქართველოს პარლამენტმა თავისი უფლებამოსილება განახორციელოს იმისთვის, რომ დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესი და აკრძალოს სანქცირებული პირების შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე", -  განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ კანონით დადგენილი შეზღუდვები გავრცელდება ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომლის მხრიდანაც ხორციელდება საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და სამხედრო აგრესია, ასევე იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ეთანამშრომრემლებიან ისეთ კომპანიებს, რომლებიც სანქცირებულები არიან (აღნიშნული ეხება საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებსაც). მისივე თქმით, სანქცირებულთა სიაში მოხვედრილ კომპანიებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღება და ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალებათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი