
ევროკავშირმა ირანის ოფიციალურ პირებსა და ორგანიზაციებს, ქვეყანაში საზოგადოებრივი პროტესტის ძალადობრივი ჩახშობის გამო სანქციები დაუწესა.
"დღეს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შემაკავებელი ზომების შემოღების შესახებ კიდევ ხუთი ფიზიკური და ორი იურიდიული პირის მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ირანში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაზე“, - წერია განცხადებაში.
ევროკავშირმა შავ სიაში შეიყვანა სტუდენტური ორგანიზაცია ბასიჯი, რომელიც, მოქმედებს როგორც რევოლუციური გვარდიის აღმასრულებელი საუნივერსიტეტო კამპუსებში.
სანქცირებულთა სიას დაემატა სამი პოლიციის მეთაური, მაღალი თანამდებობის პირი კიბერუსაფრთხოების სფეროში და რეგიონული პროკურორი.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები ირანში 22 წლის ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ის "მორალის პოლიციამ" ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო დააკავა და მასზე ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველების მიერ ნაცემი ახალგაზრდა გოგო მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა.