"ოცნებამ" რუსეთის მოქალაქეების რეგულირების შესახებ ენმ-ის ინიციატივა ბიუროზე არ დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" რუსეთის მოქალაქეებისთვის რეგულაციების დაწესებაზე უარს ამბობს. მმართველმა პარტიამ "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ტერიტორიაზე სანქცირებული პირების შემოშვება იკრძალება, ბიუროზე არ დაარეგისტრირა. 

საკითხის განხილვისას ბიუროს სხდომაზე ხმაური იყო. ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ თინა ბოკუჩავა, გია ვოლსკი და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. 

ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებულად შესწავლას მოითხოვდა, თუმცა მოთხოვნაზე შალვა პაპუაშვილმა უარი განაცხადა.

"რომ მოდიხართ ბიუროს სხდომაზე თქვენ გგონიათ რომ დააყენებთ აქ საკითხის აჩქარებას, დაჩქარებას. ჩახედეთ რეგლამენტს ერთხელ მაინც ცხოვრებაში," - მიმართა პაპუაშვილმა ოპოზიციონერებს. 

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, თინა ბოკუჩავას თქმით, "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ ადანაშაულებს საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში და პუტინის ნარატივით საუბრობს.

"გია ვოლსკი, "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ ადანაშაულებს საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში და კიდევ ერთხელ ადანაშაულებს უკრაინას ომის დაწყებაში და კიდევ ერთხელ იმეორებს იმ ნარატივს, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ პუტინი აჟღერებს დღეს, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო ისეთი კონსოლიდირებულია როგორც არასდროს, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს, რომ რუსეთი არის დამპყრობელი, რომ პუტინი არის მკვლელი, დამნაშავე და აღიარებული ტერორისტი და მას იცავენ, მის გზავნილებს აჟღერებენ," - ამბობს ბოკუჩავა. 

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბიუროს სხდომაზე დღეს წარადგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი