
"დივერსანტების თავდასხმა ბელგოროდის რეგიონში ღრმა შეშფოთებას იწვევს" - აცხადებს კრემლის პრეესპიკერი. პესკოვის თქმით, "უკრაინელი ბოევიკები აგრძელებენ მოქმედებებს რუსეთის წინააღმდეგ", რის აღკვეთასაც რუსეთის მხრიდან დიდი ძალისხმევა სჭირდება
"ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინელი ბოევიკები აგრძელებენ მოქმედებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამას ჩვენგან დიდი ძალისხმევა სჭირდება. ეს ძალისხმევა და სპეცოპერაცია გრძელდება, მომავალში ასეთი შეღწევების თავიდან ასაცილებლად“, - ამბობს პესკოვი.
მისივე თქმით, ბელგოროდის რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა არ გაიმართება.
შეგახსენებთ, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბელგოროდში განხორციელებულ თავდასხმებზე გამოძიება 6 მუხლით დაიწყო.
ბელგოროდის რეგიონში პროუკრაინული ჯგუფების გამოჩენის შესახებ ინფორმაცია 22 მაის გავრცელდა. როგორც ეს ჯგუფები, "რუსეთის თავისუფლების ლეგიონი" და "რუსეთის მოხალისეთა კორპუსი" აცხადებენ, მათი მიზანია რომ უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონა შექმნან, რათა რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა ვეღარ მოახერხონ.
უკრაინული მხარე ამბობს, რომ შეიარაღებული ჯგუფის ყველა წევრი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის განცხადებით, უკრაინას ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებთან არანაირი კავშირი არ აქვს.