
მოლდოვა მხარს დაუჭერს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებას და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დააკავებს იმ შემთხვევაში თუ იგი მოლდოვაში ჩავა, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ "ევრონიუსის" რუმინულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.
"დიახ, მოლდოვის რესპუბლიკამ ხელი მოაწერა შეთანხმებას სისხლის სამართლის სასამართლოს შეთანხმებას და მოლდოვა პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას," - უპასუხა სანდუმ ჟურნალისტის კითხვას.
მისივე თქმით, ახლა მოლდოვა რუსეთის სამხედრო შეჭრის რისკის წინაშე დგას, თუმცა ამაში ხელს უკრაინა უშლის. როგორც სანდუ ამბობს, რუსეთი ახლა მოლდოვის სრულ დესტაბილიზაციას ცდილობს.
შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წლის 17 მარტს, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა ბელოვას დაკავების ორდერები გასცა უკრაინიდან, ბავშვების იძულებითი დეპორტაციის გამო. შესაბამისად, რომის სტატუტის ყველა მონაწილე ქვეყანა, ვალდებულია ჰააგას გადაწყვეტილება აღასრულოს და დააკავოს ის, ვისი დაკავების ორდერიცაა გაცემული.