
რუსეთის სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აღიარებს, რომ რუსეთის მიერ წამოწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" შედეგად უკრაინას დღეს მთელს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს. ამის შესახებ პრიგოჟინი ინტერვიუში საუბრობს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილსაც ახსენებს, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას კი თავს ესხმის და სისხლის სამართლის დამნაშავეებს უწოდებს.
არაფერს ამბობს პუტინზე, თუმცა ომის მთელ სტრატეგიას - უკრაინაში შეჭრიდან ამ დრომდე, რუსეთის წარუმატებლობად აფასებს და ამბობს, რომ უკრაინის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის მცდელობამ, შედეგად გამოიღო ის, რომ რუსებმა ყველგან ჩაფლავდნენ, უკრაინის არმია კი დღეს უძლიერესი, უკრაინელი ერი კი ყველაზე ცნობილია:
როდესაც მოძმე უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, ჩვენ, კავშირების გაღრმავებას არ ვანიჭებდით უპირატესობას, ამიტომ გაჩნდნენ იქ ამერიკელები, ევროპელები, იუშენკო, სააკაშვილი... მერე გვითხრეს რომ უკრაინელებმა რუსეთზე აგრესიისთვის მზადება დაიწყეს, თუმცა მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს.
გამოვაცხადეთ სპეცოპერაცია და რა გავაკეთეთ ჩვენ? მივედით ხამებივით, ნაცისტების ძებნაში მთელ ტერიტორიას ჩექმით გადავუარეთ, მიუახლოვდით კიევს, ჩავისვარეთ და უკან დავიხიეთ.
ანალოგიურად ხერსონთან, იზიუმთან, წითელ ლიმანთან... ასე რომ უკრაინის დენაციფიკაციით, მივიღეთ ის რომ უკრაინელი ერი გავხადეთ ცნობილი მთელს მსოფლიოში, როგორც ბერძნები, რომაელები აყვავების პერიოდში.
თუ თავიდან მათ პირობითად 500 ტანკი ჰქონდათ ახლა აქვთ 5000. თუ ბრძოლა იცოდა 20 ათასმა, ახლა იცის 400 ათასმა. ეს არის დემილიტარიზაცია? მე ვფიქრობ რომ უკრაინას ახლა ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავს ორგანიზების, მომზადების, დაზვერვის უმაღლესი დონით, აქვთ სხვადასხვა შეიარაღება და თანაბარი წარმატებით მუშაობენ ნებისმიერ - საბჭოთა თუ ნატოს სისტემებთან. ისინი ყველაფერს აკეთებენ უმაღლესი მიზნის მისაღწევად, როგორც ჩვენ დიდ სამამულო ომში, თუმცა უფრო ტექნოლოგიურად და მკაფიოდ. აი ეს არის რაც ჩვენ მივიღეთ უკრაინის არმიის დემილიტარიზაციით" ამბობს პრიგოჟინი