
Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი 3.50-დან 3.25-მდე შემცირდა.
როგორც კვლევაშია ნათქვამი, რეიტინგი შემცირდა ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და შევიწროების მრავალწლიანი ტენდენციის გამო.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კრიტიკული ტელეკომპანიის დირექტორის დაკავებამ და მზარდი პოლარიზებული და პოლიტიზებულმა მედიაგარემომ შეარყია ქვეყანაში მედიადამოუკიდებლობა.
მედიის ნაწილში Freedom House-ის ანგარიშში მოხვდა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმე. ორგანიზაცია წერს, რომ აღნიშნული აღიქმება, როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკული ხმის ჩახშობის კიდევ ერთ მცდელობად.
"2022 წლის ივნისის რეზოლუციაში ევროპარლამენტმა გვარამიას განაჩენი დაგმო. რეზოლუციაში ბრალდებები ფულის გათეთრების ქრთამის აღებისა და დოკუმენტების გაყალბების შესახებ,"საეჭვოდ" ხასიათდება. საქმე განიხილებოდა, როგორ ხელისუფლებისადმი კრიტიკული ხმის ჩახშობის კიდევ ერთ მცდელობად", - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.
მედიის კონტექსტში Freedom House-ის ანგარიშში საუბარი შეეხო ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ ძალადობასაც. საუბარი იყო 2021 წლის 5 ივლისზე. ორგანიზაცია წერს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმები 2021 წლის ივლისში მომხდარი ულტრამემარჯვენეების ძალადობრივი დემონსტრაციების შემდეგ გაიზარდა. Freedom Houses-ის ანგარიშში მოხვდა ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეც.
მედიის შევიწროების ნაწილში ორგანიზაცია ასევე იხსენებს ხელისუფლების მოთხოვნას, კამპანია “შინ ევროპისკენ” კლიპის ეთერში განთავსება სამართალდამრღვევად გამოცხადებულიყო სამი კრიტიკული მაუწყებლის მიმართ.
ორგანიზაცია მედიაგარემოს გაუარესების ნაწილად აფასებს მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტების დასწრების შეზღუდვასაც.
იხილეთ ასევე: