
ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, რეფორმების მიმდინარეობა და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი - ესაა მთავარი თემები, რომლებზე სასაუბროდაც საქართველოში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ჩამოვიდა.
ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ასევე სამოქალაქო სექტორს.
კოლომინა ცოტა ხანში ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდება.
მსჯელობის ერთ-ერთი საგანია ნატო-ს ვილნიუსის სამიტისთვის მზადება. დღის ბოლოს დაგეგმილია ხავიერ კოლომინას პრესკონფერენცია.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ კოლომინა მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას აქტიური რეფორმების გატარებისკენ და ამბობდა რომ დღეს არსებული დონე არადამაკმაყოფილებელია.