უკრაინის მხარდაჭერა პირველი პრიორიტეტია ვილნიუსის სამიტისთვის, საქართველოსგან ველით, რომ ყველაფერს გააკეთებენ - კოლომინა

გამოქვეყნდა:

"გავაჟღერე შეშფოთება რეფორმების რიტმთან დაკავშირებით, ზოგიერთი რეფორმის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით გვაქვს შეშფოთება" - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ პრესკონფერენციაზე, რომელსაც ის დღევანდელი შეხვედრების დასრულების შემდეგ მართავს.

კოლომინამ ვილნიუსის მოახლოებული სამიტის წინ, უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისეთი ღირებული პარტნიორისგან, როგორიც საქართველოა, ნატოს აქვს მოლოდინი, რომ ყველაფერს გააკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად. 

კოლომინამ კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება საქართველოში განსახორციელებელი რეფორმების შესრულების ტემპზე და ამ კუთხით, ხაზი გაუსვა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების აუცილებლობას:

"მე ძალიან ნათლად გავაჟღერე [შეშფოთება] მაგალითად უცხოელი აგენტების კანონზე და მოხარულები ვართ, რომ აღნიშნული კანონის გაუქმება მოხდა. ეს იყო დემოკრატიული სტანდარტების საწინააღმდეგო კანონი, რაც შეეხება რეფორმების განხორციელების დონეს, სასამართლო, საარჩევნო რეფორმების  თვალსაზრისით, ვისაუბრეთ ცესკოსთან დაკავშირებით, დეპოლარიზაციის თემასთან მიმართებაში. ასევე ჩვენთვის შეშფოთებისა და დაინტერესების საგანს წარმოადგენს. გავაჟღერე გზავნილი უკრაინის მხარდაჭერისა, რაც გახლავთ უმაღლესი პრიორიტეტი, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ. ეს გახლავთ ნომერ პირველი პრიორიტეტი ვილნიუსის სამიტისთვის, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება და ჩვენ ისეთი ღირებული პარტნიორისგან, როგორიცაა საქართველო, ველით, რომ ყველაფერს გააკეთებენ უკრაინის მხარდაჭერისთვის" თქვა კოლომინამ.

ხავიერ კოლომინა დღეს საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილზე, პარლამენტის თავმჯდომარეს, ოპოზიციასა და დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი