
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უახლოეს საათებში ფართომასშტაბიან პროვოკაციებს ამზადებენ.
"მომავალი რამდენიმე საათის განმავლობაში ტერორისტები ამზადებენ ფართომასშტაბიან პროვოკაციას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის სიმულაციისთვის. ამ მიზნით დარტყმა განხორციელდება უშუალოდ ZNPP-ის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის შესახებ, ინციდენტში ტრადიციულად უკრაინას დაადანაშაულებენ“, - ნათქვამია უკრაინის დაზვერვის განცხადებაში.
როგორც ირკვევა, ამ განზრახვის დამალვის მიზნით, ოკუპანტებმა ჩაშალეს დღეს დაგეგმილი შეხვედრა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს [IAEA] მუდმივ სადამკვირვებლო მისიასთან.
„ამ პროვოკაციის მიზანია უკრაინის დადანაშაულება ზაპოროჟიეს ატომური სადგურის სავარაუდო დაბომბვაში, მაგრამ რუსების მთავარი მიზანია ხელი შეუშალონ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების მოქმედებებს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაში აღმოსავლეთით და სამხრეთით. ამის შემდეგ ოკუპანტებს შეუძლიათ მოითხოვონ მორატორიუმი სამხედრო მოქმედებებზე.“ - განმარტა სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში რუსმა სამხედროებმა შესაძლოა მოაწყონ პროვოკაციები ბირთვული მასალის ელემენტებისა და ქიმიური იარაღის გამოყენებით, ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტის მთელ ხაზზე.