დიასპორის ფორუმზე მისულმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიება სიტყვით გამოსვლის შემდეგ დატოვა. სიტყვით გამოსვლისას კი ზურაბიშვილმა მთავრობა პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობასა და პროტოკოლის დარღვევაში დაადანაშაულა.
კერძოდ, ზურაბიშვილმა თქვა, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე მისთვის გამოყოფილი ადგილი არ შეესაბამებოდა პრეზიდენტის ადგილს, რის გამოც ის ფეხზე მდგომი ელოდებოდა როდის დაიწყებდა სიტყვით მიმართვას. ზურაბიშვილმა 26 მაისის ღონისძიებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ პროტოკოლი მაშინაც დაირღვა.
დიასპორის ფორუმი საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ წუთებშიც გრძელდება, თუმცა პრეზიდენტი იქ უკვე აღარ იმყოფება.
ზურაბიშვილს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას უპასუხა:
"რაც შეეხება პროტოკოლის წესებს, მთავრობას ჰყავს პროტოკოლის სამსახურის ძალიან კვალიფიციური უფროსი, ბატონი დავით ზანთარაია მინდა მას მადლობა გადავუხადო და ასევე ბატონი ილია დარჩიაშვილის უწყების თანამშრომლებს მინდა მადლობა გადავუხადო", - თქვა ღარიბაშვილმა.