
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ აუცილებელია პარლამენტში დიასპორას საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მთავრობამ ყველაფერი გააკეთოს, რათა უცხოეთში მცხოვრები ქართველები უფრო მეტად იყვნენ ჩართული საქართველოში მიმდინარე პროცესებში:
"იმისთვის, რომ [დიასპორამ] ჩართულობა იგრძნოს. საჭიროა ორი რამ - ერეთი არის, რომ პარლამენტში მათთვის გამოყოფილი იყოს ერთი წარმომადგენელი მაინც. არაა აუცილებელი კანონმდებლობა ან კონსტიტუცია შეიცვალოს, შეიძლება ყველა პარტიამ თავის პროპორციულ სიაში ჩაწეროს დიასპორის ერთი წარმომადგენელი, ამით იხსნება ეს საკითხი და ისინი ნამდვილად იქნებიან დიასპორის წარმომადგენლები და იციან, რანაირად და როგორ დაიცვან თავიანთი თანამემამულეები სხვადასხვა ქვეყნებში.
მეორეა არჩევნები - ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, რომ საკონსულოები აქტიურად მუშაობდნენ, რომ ხალხმა დაირეგისტრიროს თავი და გახდეს ამომრჩეველი, ამაზე უნდა მუშაობა, რეკლამირება", - თქვა ზურაბიშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა ხელისუფლება მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე გააკრიტიკა. მისი თქმით, უცხოეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველებისთვის მოქალაქეობის მინიჭება უფრო მარტივად უნდა ხდებოდეს.
"არ აქვს მნიშვნელობა ის ჩამოვიდა ქვეყანაში, რამდენჯერ ჩამოვიდა, აქ ფლობს რამე ქონებას თუ არ ფლობს. ეს ხომ არ წერია კანონმდებლობაში, რომ ეს კრიტერიუმები უნდა იყოს გამოყენებული. რატომ იგონებს ვიღაც ჩინოვნიკი კომისიაში, რა უნდა იყოს ახალი დამატებული კრიტერიუმები. 3 წელია იუსტიციის სამინისტროსგან გვაქვს გაუთავებელი მოლაპარაკებები, გავამარტივოთ ტესტები. ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულ ადამიანს, ვინ იყო შუშანიკის დედა. ნუთუ არ გვაინტერესებს, რომ ეს ადამიანები ხვალ იყვნენ ქართველები? ხვალ მათ შორის დაიბადება დემნა გვასალია, კვარაცხელია და მაშინ მოვინდომებთ, რომ, ქართველია, თურმე.
ჩვენ ახლა უნდა მივცეთ მათ ხელი, რომ მოდით, იყავით ქართველი. იყავით ინგლისელი, გერმანელი, ამერიკელი, რუსი, რაც გინდათ, მაგრამ ასევე იყავით ქართველი იმიტომ, რომ რა ბმაც გაქვთ, ეს არის ჩვენთვის, სახელმწიფოსთვის ძალიან ძვირფასი და ძალიან აუცილებელი. ამიტომ იმის ნაცვლად, რომ ფრენებზე ვიფიქროთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ მივცეთ მოქალაქეობა, ეს არის მათი პირველი მოთხოვნა", - თქვა ზურაბიშვილმა.