"ნიკას თავისუფლების მოძრაობა" ნიკას თავისუფლებისთვის. მსვლელობა ,,მთავარი არხიდან'' ათონელამდე, ორბელიანების სასახლემდე. მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ექიმები, მწერლები, ისტორიკოსები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები დღეს მხოლოდ ერთი მისიით გაერთიანდნენ - ევროპული მომავლისთვის.
ევროპული მომავლისთვის კი ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევენ. ამ ნაბიჯის გადადგმა კი ქვეყნის პრეზიდენტს შეუძლია. პრეზიდენტს, რომელიც ანტიდასავლური განცხადებებისთვის ხელისუფლებას აკრიტიკებს, თუმცა არც თავად იღებს ქმედით გადაწყვეტილებებს ევროკავშირთან კიდევ უფრო დასაახლოებლად.
დღეს პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და შეიწყალოს პოლიტპატიმარი, ნიკა გვარამია. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ექნება მის სიტყვასაც ფასი.
დღევანდელი აქცია ათონელზე გამიზნულად დაიგეგმა. 31 მაისს სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით წარსდგება. სწორედ მისი გამგზავრების წინ, მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ აუცილებლად ჩათვალეს, მიემართათ მისთვის და შეეხსენებინათ, რომ მის ხელშია ქვეყნის ევროპული მომავალი, თუმცა პრეზიდენტი ჯერ მხოლოდ ლაპარაკობს და არ მოქმედებს.