
"გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ" - დღეს, 20:00 საათზე, პარტია "ევროპული საქართველო" პარლამენტთან პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აქციას გამართავს.
აქციის სამზადისი პარლამენტთან ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც პარტიაში ამბობენ, სცენის აწყობა დილის 8 საათიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა ნებართვის მიუხედავად, შსს-მ ორგანიზატორებს ამის შესაძლებლობა არ მისცა.
"სცენის მონტაჟი აქციისთვის უნდა დაწყებულიყო დილის რვა საათზე, თუმცა სამწუხაროდ, შსს-მ ხელი შეგვიშალა სცენის აწყობისთვის. სულ რამდენიმე წუთია, რაც უცნობ თანამდებობის პირს შეუთანხმეს სცენის აწყობა. საღამოს 20:00 საათზე გაიმართება აქცია და გელოდებით ყველას", - თქვა ბესიკ დონაძემ.
დღევანდელი პროტესტის ადრესატი "ქართული ოცნების" ხელისუფლებაა, აქციის მონაწილეები მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ შეწყვიტოს გარუსების პოლიტიკა და დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ განვითარების გზაზე.