"ავტორიტარული მმართველობისგან გასათავისუფლებლად, მოქალაქეებს არჩევნებზე მოსვლისკენ მოვუწოდებ" | ქილიჩდაროღლუ საარჩევნო უბანზე მივიდა

გამოქვეყნდა:

ავტორიტარული მმართველობისგან გასათავისუფლებლად, მოქალაქეებს არჩევნებზე მოსვლისკენ მოვუწოდებ,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ საარჩევნო უბანზე საუბრობს. 

ავტორიტარული მმართველობისგან გასათავისუფლებლად, ამ ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატიისა და თავისუფლების მოსვლისთვის ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ არჩევნებზე მოვიდნენ და თავიანთი არჩევანი დააფიქსირონ. ამის შემდეგ კი საარჩევნო ყუთებს თვალყური ადევნონ, რათა ჩვენი ხმები დავიცვათ. ეს ძალიან რთულ რეჟიმში ჩატარებული არჩევნებია. ყველანაირი ბრალდება წაგვიყენეს, ყველანაირად ცდილობენ ჩვენს გაშავებას. ხალხის ძალას ვენდობი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია და თავისუფლება მოვა, ხალხი ქვეყნის ქუჩებში თავისუფლად და ბედნიერად ივლის და პოლიტიკოსებიც თავისუფლად იცხოვრებენ. ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც მიდის და არჩევანს აკეთებს, შემდეგ კი თავის ხმას იცავს, მადლობას ვეტყვი. მადლობა ყველას. უფალი გფარავდეთ, - ამბობს ქილიჩდაროღლუ.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს - მოქალაქეები არჩევანს მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატ, ქემალ ქილიჩდაროღლუს შორის აკეთებენ.

ხმის მიცემის პროცედურა უკვე 4 საათია მიმდინარეობს და ის ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დასრულდება. 

თურქეთის უზენაესი საარჩევნო საბჭოს  მონაცემებით, 14 მაისს, არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 90% შეადგინა, თუმცა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. პირველი ტური ერდოღანის უპირატესობით დასრულდა, მან ხმების 49.52% მიიღო, ქილიჩდაროღლუმ კი  44,88%.

მოსალოდნელია, რომ შედეგები 21:00 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი