
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა - ხმის მიცემა შეწყდა. მოქალაქეები არჩევანს მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატის, ქემალ ქილიჩდაროღლუს შორის აკეთებდნენ.
კენჭისყრა დილის 08:00 საათზე დაიწყო და 17:00 საათზე დასრულდა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის 60 მლნზე მეტმა ადგილობრივმა ამომრჩეველმა 191 ათასზე მეტ საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.
მოსალოდნელია, რომ შედეგები თურქეთის დროით 21:00 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის უზენაესი საარჩევნო საბჭოს მონაცემებით, 14 მაისს, არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 90% შეადგინა, თუმცა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. პირველი ტური ერდოღანის უპირატესობით დასრულდა, მან ხმების 49.52% მიიღო, ქილიჩდაროღლუმ კი 44,88%.