
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს, რომ პირველ ივნისამდე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში მივიდეს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, საზოგადოებას ხელისუფლებასთან კითხვები აქვს რუსეთთან სავარაუდო ფარულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. როგორც ენმ-ს დეპუტატმა აღნიშნა, პრემიერი ვალდებულია პირველ ივნისამდე პარლამენტში წლიური ანგარიშის წარსადგენად მივიდეს.
"ამ ვითარებაში არის ძალიან მწვავე კითხვები საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან; იყო ეს ერთი პიროვნება თუ პირთა წრე და საზოგადოებამ უნდა იცოდეს კონკრეტული სახელები და გვარები ამ ადამიანების, რომლებიც მალულად და მოღალატეობრივად აწარმოებენ მოლაპარაკებებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან; რა მიიღო რუსულმა ოცნებამ სანაცვლოდ, რა დათმო ხელისუფლებამ; რა იყო სხვა საკითხები, რომლებიც განიხილებოდა აღნიშნულ ფარულ მოლაპარაკებებზე, მარგალიტად, განიხილებოდა თუ არა აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა ან საზღვაო მიმოსვლის აღდგენა, რაც ვიცით, რომ ასევე ხორციელდება საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან ერთად. ესაა ყველაზე მწვავე კითხვები, რომლებიც ახლა დგას დღის წესრიგში და საქართველოს პრემიერმინისტრი, რომელიც ფორმალურად ასრულებს ამ მოვალეობას, ვალდებულია მოვიდეს პარლამენტში და საზოგადოებას გასცეს კითხვებზე პასუხები. მას ამის ვალდებულება გააჩნია კანონით, რომ პირველ ივნისამდე მოვიდეს პარლამენტში და წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში, ამ პოლიტიკურ მოცემულობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს მოხდეს მყისიერად, უმოკლეს ვადებში, რაც მთავარია ეს ანგარიში წარმოადგენდეს ინფორმაციას იმ კითხვებზე, რომელიც ჩვენ დავსვით", - თქვა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ქართული ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ გადადგა. ოპოზიცია ეჭვობს, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
მმართველი გუნდი ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ პუტინი თავის განცხადებებში ყოფილ ხელისუფლებას გულისხმობდა.